
სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსნის, ლევან ახობაძის საქმეს გრიფი დაედო - ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. ამიტომაც დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც გრიგოლ ლილუშვილის ყოფილი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, დახურული იქნება.
ახობაძეს, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი გუშინ ღამით წარედგინა. როგორც მისი ინტერესების დამცველი, რაჯდენ კუპრაშვილი ამბობს, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალი ოფიციალურად წარედგინა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას.
გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ სხვა დეტალების თქმის უფლება არ მაქვს. ხვალ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ წინასწარ აღკვეთის ღონისძიებაზე", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ახობაძემ კერძო მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.
პროკურრატურამ გუშინ წარდგენილ ბრალში გრიგოლ ლილუაშვილი საქმიდან გააქრო. გავრცელებულ განცხადებაში წერია მხოლოდ ის, რომ "2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი".
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.