ლილუაშვილს, მისი მოადგილის დაკავების შემდეგ, შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს
თამთა ჩაჩანიძე
22.05.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს უკვე პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. ამიტომაც ადვოკატები უშვებენ, რომ მას შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს.

სუს-ის გამოძიების მასალების მიხედვით, ახობაძე კერძო მეწარმისგან ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩამორთმეული არადეკლარირებული ფულადი თანხის დაბრუნებაში დახმარების სანაცვლოდ, 500 ათასი ლარის ოდენობის ქრთამს ითხოვდა, „ლილუაშვილის ჩარევით" კი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, კერძო მეწარმემ შუამავლის მეშვეობით ლევან ახობაძეს 250 000 ლარი პირდაპირ სუს-ის შენობაში, მის სამუშაო კაბინეტში გადასცა.

განსაკუთრებით საინტერესო და მოულოდნელობა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ახობაძის ადვოკატი ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი რაჟდენ კუპრაშვილია. მან მედიას დაუდასტურა, რომ ახობაძე საკუთარ სახლში 22 მაისს დააკავეს, სახლიც გაჩხრიკეს, თუმცა რა ამოიღეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

  • რაჟდენ კუპრაშვილი: „ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა."

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების, ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების გამოვლენის მიზნით.

გამოძიების დეტალები

22 მაისს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, ჯარიმდება ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ან ისჯება ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევით. ხსენებულმა მეწარმემ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისა და კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოებს, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო.

„ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა. მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთი ჩვენებიდან ირკვევა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი. ასევე დადგენილია, რომ ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა", - განაცხადა გაგნიძემ.

რას აცხადებენ ადვოკატები

ლევან ახობაძის ადვოკატმა, ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ახობაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა, უჭირს თქმა, კონკრეტულად რა ამოიღეს.

„დააკავეს ბატონი ლევან ახობაძე, შესაბამისად, ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ის გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო, იმ ნივთების დათვალიერება მოხდა.

„მე მივდივარ ახლა საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არაფერი არ ვიცით. ის, რაც თქვენთვის საჯარო სივრციდან საგამოძიებო ორგანოს განცხადებიდან არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპისთვის. მე მხოლოდ ეს ლოკაცია ვიცი, ჯერ მასალები არ გვაქვს მიღებული და ვნახავთ, სად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ კი განაცხადა, რომ არ ელოდება, რომ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ბრალის დამძიმება მოხდება. მისი თქმით, გასარკვევია ბრალდების მხარეს ლევან ახობაძესთან რა მტკიცებულებები აქვს და მის ბრალთან რა შუაშია გრიგოლ ლილუაშვილი.

  • ლილუაშვილის ადვოკატი: „ვფიქრობ, რომ საჩქარო ამბავი არ უნდა იყოს. ჯერ თავად ლევან ახობაძესთან რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ესეც საკითხავია და მეორე საკითხია, ბატონი გრიგოლი რა შუაშია".

„მე ეს ამბავი დღეს შევიტყვე, აქამდე არანაირი ცნობა არ მქონია. ბატონ გრიგოლს მოვინახულებ, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მაგრამ საგანგებოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის ვერ ვახერხებ, რომ მასთან შევიდე.

„ვფიქრობ, რომ საჩქარო ამბავი არ უნდა იყოს. ჯერ თავად ლევან ახობაძესთან რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ესეც საკითხავია და მეორე საკითხია, ბატონი გრიგოლი რა შუაშია და რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი.

„სამართლებრივი არგუმენტებით არ ველოდები, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ რაიმე ფორმით მოხდება ბრალის დამატება. სხვა მხრივ, ნება-სურვილი თუ არის და ძალმომრეობის პრინციპზე ვსაუბრობთ ძალოვანი უწყებისა და პროკურატურის მხრიდან, ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ სამართლებრივ ასპექტში არ ველოდები, რომ რაიმე მტკიცებულება შესაძლოა არსებობდეს ბრალის დაწერისა და წარდგენის, ლილუაშვილის მიმართ", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×