რეზონანსი
21.05.2026

აზერბაიჯანში ხელმოწერილი შეთანხმებები არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, ყველა ამ შეთანხმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს და აღნიშნა, რომ ეს ეს არ იყო სტანდარტული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის, არამედ ეს იყო მეგობრებს შორის დიალოგი.

„რეალურად, შედეგებიდან ჩანს, რომ მუდმივად იზრდება ჩვენი ქვეყნის როლი შუა დერეფანში, მთლიანად შუა დერეფნის როლიც იზრდება ზოგადად, გვერდით რომ გადავდოთ ცოტა ხნით ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა ამ დერეფანში. 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ და ვსარგებლობთ კიდეც და ამ კუთხით, ის შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ აზერბაიჯანში არის უპრეცედენტო მნიშვნელობის, დატვირთვის. სხვადასხვა მიმართულებით მოეწერა ხელი შეთანხმებებს და ყველა არის კავშირში ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან. ეს ეხება გაზის იმპორტს და გაზის ტრანზიტს, სადაც ძალიან სასარგებლო, უკიდურესად სასარგებლო შინაარსის შეთანხმებები გაფორმდა. რაც მთავარია, ჩვენ მივიღეთ სათანადო ფასები, მივიღეთ სათანადო მოცულობები, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, ეს არ იყო სტანდარტული მოლაპარაკებები ორ მთავრობას შორის, ეს იყო მეგობრებს შორის დიალოგი, რამაც მოგვცა ძალიან სწორი შეთანხმება ყველა თემასთან დაკავშირებით, ეს ეხება გაზს - იმპორტს და ტრანზიტს, ეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, რომელიც გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, შესაბამისად, ქვეყანა კარგავდა წელიწადში ათეულობით მლნ ლარის პოტენციურ შემოსავალს და ამ მილსადენის ფუნქციონირება აღდგება, აქაც გვაქვს საუკეთესო პირობები უზრუნველყოფილი. რაც შეეხება რკინიგზას, ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზა ამუშავდება თვის ბოლოდან და ამასთან ერთად, აღდგა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ყველა ამ შეთანხმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს მეგობრული დამოკიდებულებისა და შესაბამისი შეთანხმებისთვის და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრსა და მთლიანად მის გუნდს, რომელმაც მრავალთვიანი მოლაპარაკების საფუძველზე მოგვცა ეს იდეალური შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×