
მართლაც შემაშფოთებელი კადრები ვიხილეთ აქციის დაშლის პროცესში, როგორ იქცეოდა დანიის პოლიცია და როგორ ეპყრობოდა აქციის მონაწილეებს და მით უმეტეს ევროპის შუა გულში. ვხედავთ, როგორი მძიმე ფაქტი მოხდა დანიაში და როცა მოვისმინეთ პასუხი, ეს პასუხი ღიმილის მომგვრელია - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ დანიის ეროვნული პოლიციის მიერ „იმედისთვის“ გამოგზავნილი წერილის შეფასებისა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოში დემონსტრანტებმა სცადეს, რომ გადაეწვათ პარლამენტის შენობა და ფიზიკური ზიანი მიაყენეს სამართალდამცავებს, ეს ფაქტი არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია.
გიორგი გაბუნიას განცხადებით, ორმაგი სტანდარტები გახდა ევრობიუროკრატების მთავარი სავიზიტო ბარათი.
„ევროკავშირმა სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში განიცადა ძალიან რთული ტრანსფორმაცია და ეს ტრანსფორმაცია დღეს გვანახებს, რომ არის აბსოლუტური სტაგნაცია. განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, არა მხოლოდ დანიის ფაქტია, მინდა საზოგადოებას შევახსენო. საუბარია გერმანიაში მომხდარ არა ერთ ფაქტზე, როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს. მათ შორის საფრანგეთში, ლიონში 750 დემონსტრანტი დაშავდა და არაერთი უხეში დაკავების მეთოდები ვნახეთ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა პროპორციულ მეთოდებს, ისე, როგორც უნდა იქცეოდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიცია.
რა არის ევროკავშირი?! ევროკავშირის პირველ რიგში არის ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება. სად არის ეს კომპონენტები ევროკავშირისა, რომელიც ჩვენთვის ასე მიმზიდველი იყო. დღეს თამამად შეიძლება ითქვა, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და არ ვართ წევრი ქვეყანა, ამ კომპონენტებში განიცდის უფრო შესამჩნევ და პოზიტიურ პროგრესს, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
ცნობისთვის, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართა.
დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.