
ფლეგ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე არის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა. დღეს, როცა იგი უკვე ოფიციალურად გახდა 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ნაწილი, ფლეგ ფეხბურთის მთავარი ენთუზიასტის, თემურ რუბენიას მიზანია, სპორტის ეს სახეობა საქართველოში მასობრივი გახდეს.
2023 წლის აგვისტოში, ირლანდიის ქალაქმა ლიმერიკმა ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ სახეობას, ფლეგ ფეხბურთს (Flag Football) უმასპინძლა. IFAF-ის ევროპის ჩემპიონატი მონაწილეთა რაოდენობით რეკორდული მასშტაბის აღმოჩნდა: ლიმერიკის უნივერსიტეტის მოედნებზე 16 ქვეყნის 32-ზე მეტი გუნდი და 600-ზე მეტი ათლეტი შეიკრიბა. ეს ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გამოც, რომ ფლეგ ფეხბურთი უკვე ოფიციალურად ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა.
საქართველოსთვის ეს ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა _ ქვეყნის ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მოთამაშეების ნახევარმა ვერ შეძლო ჩემპიონატზე ჩასვლა, ნაკრებმა მაინც მოახერხა ღირსეულად გამოსვლა და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვედრა.
ამ ისტორიული წარმატების, მიღებული გამოცდილებისა და ქართული ამერიკული ფეხბურთის მომავლის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელსა და ამ სპორტის ერთ-ერთი მთავარი ენთუზიასტს, თემურ რუბენიას გავესაუბრეთ.
„რეზონანსი“: ბატონო თემურ, მოდით, პირდაპირ ირლანდიით დავიწყოთ. ლიმერიკში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული იყო. რა იგრძენით, როცა მოედანზე ნაკრები გაიყვანეთ?
თემურ რუბენია: სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი პასუხისმგებლობითა და სიამაყით ნაზავი შეგრძნება. როდესაც საერთაშორისო არენაზე, სადაც 30-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო გუნდებია შეკრებილი, ხედავ შენს ბიჭებს, ხვდები, რომ საქართველო უკვე იძებნება ფლეგ ფეხბურთის მსოფლიო რუკაზე. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი დაბრკოლებები შეგვხვდა _ გუნდის ნახევარმა ჩამოსვლა ვერ შეძლო, მოედანზე გასულმა მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ ორმაგად უნდა დახარჯულიყვნენ.
„რ“: სწორედ ამ დაბრკოლებებზე მინდა, გკითხოთ. როგორ შეძლო გუნდმა მობილიზება, როდესაც შემადგენლობის ნაწილი ასე უეცრად გამოგაკლდათ?
თ.რ.: ეს იყო ნამდვილი სპორტული დრამა. ფლეგ ფეხბურთი ძალიან დინამიკურია, როტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად დასვენების გარეშე მოგვიწია თამაში, თუმცა ქართულ ხასიათს ერთი თვისება აქვს _ რაც უფრო მეტად გვიჭირს, მით უფრო ვერთიანდებით. მე-16 ადგილი ასეთ პირობებში ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია, ავსტრიასთან მატჩი კი იყო უდიდესი გამოცდილება, დავინახეთ, სად ვართ და რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
„რ“: დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ამერიკული ფეხბურთი მხოლოდ ძალისმიერი კონტაქტია. რატომ არის ფლეგ ფეხბურთი მნიშვნელოვანი ამ სპორტის განვითარებისთვის?
თ. რ.: ფლეგ ფეხბურთი არის „ჭადრაკი მინდორზე“. აქ მთავარია სისწრაფე, ტაქტიკური აზროვნება და ტექნიკა. ეს არის იდეალური სპორტის სახეობა ბავშვებისთვის, რათა, ტრავმების რისკის გარეშე, შეისისხლხორცონ ამერიკული ფეხბურთის საფუძვლები. ახლა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფლეგ ფეხბურთი ხომ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა. ჩვენი მიზანია, ეს სპორტი საქართველოში მასობრივი გავხადოთ.
„რ“: თქვენი, როგორც მწვრთნელის, ხედვა როგორია, რა სჭირდებათ ქართველ ათლეტებს ევროპულ ელიტაში დასამკვიდრებლად?
თ.რ.: პირველ რიგში _ სისტემური მიდგომა. ნიჭი გვაქვს, ფიზიკური მონაცემებიც. ახლა გვჭირდება ინფრასტრუქტურა და მეტი საერთაშორისო პრაქტიკა.
ჩვენი მიზანია, საქართველოში გაიზარდოს თაობა, რომლისთვისაც ფლეგ ფეხბურთი ცხოვრების წესი იქნება. ირლანდიაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მინიმალური რესურსითაც კი შეგვიძლია ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რას მივაღწევთ სრულფასოვანი მომზადების პირობებში.
„რ“: რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ?
თ.რ.: ვეტყოდი, რომ შემოგვიერთდნენ. ეს არ არის მხოლოდ თამაში, ეს არის დისციპლინა, მეგობრობა და შანსი, დაიცვა შენი ქვეყნის სახელი მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სურს, იყოს რაღაც დიდის ნაწილი.
საქართველოში ამერიკული ფეხბურთის ისტორია ახლა იწერება და მისი ნაწილი თითოეული მათგანი შეიძლება, გახდეს. საქართველოს ნაკრების დებიუტი ირლანდიაში, მიუხედავად მნიშვნელოვანი სირთულეებისა, იყო განაცხადი, რომ ქვეყანა მზად არის ახალი სპორტული გამოწვევებისთვის.
თემურ რუბენიას ხელმძღვანელობით, გუნდმა შეძლო საერთაშორისო გამოცდილების მიღება, რაც საფუძველს ჩაუყრის მომავალ ოლიმპიურ გამარჯვებებს.