
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენების გამო, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ კოპენჰაგენს აკრიტიკებს. ოფიციალური წერილით ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მიმართა. ირაკლი კობახიძემ მიმართვის შინაარსი საზოგადოებას თავად გააცნო. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს და მის მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ - რა გზით მიდის ევროპული გაერთიანება ძირითადი ღირებულებების კუთხით. რადგან, ქართული საზოგადოების ისტორიული არჩევანი სწორედ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაა.
ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას დღეს ირაკლი კობახიძემ დანიის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების ხმამაღლა შეფასება მოსთხოვა. პრემიერ-მინისტრმა მომიტინგეების ბრუტალური მეთოდით დაშლას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას ევროპული ფასეულობებისგან გადახრა უწოდა. ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპის შუაგულში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე დუმილი, გაერთიანების შექმნის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რაც საგანგაშო სიგნალია.
დანიაში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას ვერ უარყოფს ოპოზიცია, თუმცა მათი თქმით ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური საქმეა და საგარეო შეფასებებს არ საჭიროებს.
ევროპული ბიუროკრატიის იმ ნაწილს, რომელიც კოპენჰაგენში მომხდარ ძალადობაზე დუმს და ქართულ ოპოზიციას, საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აქცენტს ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ. ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა, კოპენჰაგენში კი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლაზე დუმილი, მათ სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს ააშკარავებს.
დანიის დედაქალაქში აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეები უმსხვილესი კომპანია "მაერსკის" სათაო ოფისთან ყოველდღიურად იკრიბებიან და "მაერსკისგან" ისრაელის სასარგებლოდ სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შეწყვეტას მოითხოვენ.