რეზონანსი
19.05.2026

მოწმე ცდილობდა ვითარების დრამატიზება მოეხდინა და მეტი სიმძაფრე შემოეტანა იმ ნაწილში, თითქოს, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თითქოს, გარკვეული განცხადებები იყო მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებული, - ასე გამოეხმაურა ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი სასამართლოში მანდატურის სამსახურის თანამშრომლის ჩვენებას.

როგორც ჩოფიკაშვილი განმარტავს, მოწმეთა ჩვენებები ტენდენციურია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვის შემდეგ დადასტურდა ის, რომ ვიდეოკადრებში გამოსახული ინფორმაცია მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავდება. მოწმე ცდილობდა ვითარების დრამატიზება მოეხდინა და მეტი სიმძაფრე შემოეტანა იმ ნაწილში, თითქოს, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თითქოს, გარკვეული განცხადებები იყო მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებული. თუმცა, მისივე ჩვენებით დადასტურდა, რომ იმ პერიოდში ვიდეოკამერების მუშაობა შეფერხებული იყო და ვერ გავიგეთ, ამ განცხადებების ხმები რატომ არ არის ჩაწერილი და რატომ არ არის წარმოდგენილი.

ასევე, ვიდეოკადრების მიხედვით, წარმოუდგენელია, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ყოფილიყო ორი მანდატური და მესამე მანდატურს ამ დროს შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა და ხელბორკილების მოსატანად წასულიყო, თუკი, მათ კოლეგების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ანუ ერთი მეორეს გამორიცხავს. ჩვენებები არის ტენდენციური და მიმართულია იქითკენ, რომ სიტუაციის დრამატიზება და დამძიმება მოხდეს, ეს ვიდეოკადრებს არ შეესაბამება და ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავდება. ასევე, მოწმემ ვერ გააკეთა ვერანაირი განმარტება, თუ რატომ არის კადრები შუაზე გაწყვეტილი და რატომ არ არის სრულად ამოღებული. ეს ადასტურებს იმას, რომ არასწორად ცდილობენ საქმის წარმართვას, არასწორად და დაუსაბუთებლად ცდილობენ დაამძიმონ სიტუაცია და შუშის ჩამტვრევის საქმე წარმოაჩინონ ტერაქტის საქმედ“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

მან ასევე შეაფასა მეორე მოწმის - შსს-ს ექსპერტის, გიორგი ნებიერიძის ჩვენებაც.

„ექსპერტთან მთავარი კითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი გაზომვა არ იყო ნაწარმოები, არც ერთი ნივთმტკიცება არ იყო გაზომილი, როცა ეს პირდაპირი მოვალეობაა. როცა 4 ექსპერტი მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, მინიმუმ, ერთი გაზომვა მაინც უნდა იყოს გაკეთებული. ამაზე ექსპერტებმა ძალიან ნათლად განმარტეს, რომ ასეთი მითითება გამომძიებლის მხრიდან არ ყოფილა და გამოძიებამ გაზომვები საჭიროდ არ ჩათვალა. ეს კითხვა ღიად რჩება, რატომ არ იქნა ოქმში შეტანილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უფრო მეტ დეტალს მოჰფენდა ნათელს“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.

გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×