რეზონანსი
18.05.2026

 სიძულვილის ენისა და შუღლის გაღვივების პრევენციისთვის მთავრობის ინიციატივით შექმნილი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე საქმიანობას რამდენიმე კვირაში დაიწყებს.

ინიციატივა დღეს საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა გააცნო. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, აღნიშნული დეპარტამენტის ეფექტურ საქმიანობას პირად კონტროლზე აიყვანს. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ საჯარო სივრცეში ძალადობრივი განცხადებების სიმრავლე და უკონტროლობა სცდება გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებს, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც გამოწვევას წარმოადგენს. ვიცე-პრემიერის თქმით, მსგავსი და უფრო მკაცრი ანალოგები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ქართულ სივრცეში კი სამმართველო არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იმუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეპარტამენტი საქმიანობის დასაწყებად მზადაა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების იდენტიფიცირების შემდეგ, სამმართველო სასამართლოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე მიმართავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ნებისმიერ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კვალიფიკაციის მინიჭების კუთხით სასამართლო მიიღებს.

ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პიროვნების შეურაცხყოფას შორის რომ ქართულ საჯარო სივრცეში უნდა გაევლოს, ამაზე ინიციატივის წარდგენის დროს, მამუკა მდინარაძემ ვრცელად ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე სპეკულირება ამ კუთხით უადგილო იქნება, რადგან საქართველოში არსებული კანონმდებლობა ყველა ევროპულ დემოკრატიულ პრინციპს პასუხობს.

ახალი სამმართველოს დანიშნულებას, საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლის დარღვევად მიიჩნევენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც შეურაცხმყოფელი განცხადებები, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება.

ზიზღის, სიძულვილის ენისა და შუღლის წამახალისებელი კამპანიების უკან, სწორედ ოპოზიციას და მათ ლობისტებს ხედავენ მმართველი გუნდის ლიდერები. ამბობენ, რომ სოციალურ სივრცეში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. საქართველოში კი მისი გამოვლინება, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებულიც კია. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდში ინიციატივას სრული მხარდაჭერა აქვს. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები დარწმუნებული არიან, რომ დეპარტამენტის ეფექტურობა საზოგადოებაში გაჩენილ ხელოვნურ პოლარიზაციის პროცესს შეამსუბუქებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი ფუნქციონირებას უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყებს. მისი მთავარი დანიშნულება საჯარო სივრცეში სიძულვილისა და შუღლის ენის შემცირება იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×