რეზონანსი
18.05.2026

 20 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ჩინელ კოლეგასთან და სახალხო კონგრესის წარმომადგენლებთან, სპიკერმა შუა დერეფნის როლზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ინვესტიციების მიმართულებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას. სპიკერი ამბობს, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

შეხვედრების დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც. ჩინურმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილმა ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წარმომადგენლებთანაც. ქართული დელეგაციის წვერები ამბობენ, რომ პეკინში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს შალვა პაპუაშვილი პეკინში, მოადგილეებთან ერთად განიხილავს.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია პეკინში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს. მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი ქალაქ სიანშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×