რეზონანსი
18.05.2026

თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა ვატო სურგულაძემ ყურადღება დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე გაამახვილა. 

ვატო სურგულაძემ ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა არაერთ ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაბამის მედიკამენტებზე უკვე მიუწვდებათ ხელი, საქართველოში ოჯახები კვლავ პასუხების მოლოდინში არიან.

ოპოზიციონერმა კოლეგებს მშობლების პროტესტისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პრობლემის დროულად გადაჭრას ვერ ახერხებს.

,,ქვეყანა ფასდება იმით, როგორ ეპყრობა ბავშვებს და პენსიონერებს. ის, რომ ბავშვები ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ამაზე, მგონი, საუბარი არ უნდა იყოს. მაგრამ რაც ხდება დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, მთელმა ევროპამ მიიღო ეს მედიკამენტები, რუსეთიც კი ამ მედიკამენტებს ყიდულობს და ბავშვებს ახმარს. სადღაც 1600-მდე ჰყავთ ასეთი პაციენტი და ყველა უზრუნველყოფილია მედიკამენტით. აი, აქ სარჯველაძე რას უნდა დააკვირდეს? როგორ ფიქრობთ, სარჯველაძე უფრო ზრუნავს ქართველ ბავშვებზე, ვიდრე გერმანია, ესპანეთი, იტალია ზრუნავს თავის ბავშვებზე? და თან, გუშინ გავარკვიე, ერთ-ერთი მედიკამენტი დარეგოსტრირებული ჰქონიათ 2024 წლის დეკემბერში. და ახლა დაკვირვებას ატარებს სარჯველაძე, იმუშავებს ეს მედიკამენტი თუ არა. მე, უბრალოდ, თქვენც მინდა, გთხოვოთ, მეგობრებო, 800 მეტრშია აქედან ეს მშობლების პროტესტი, უბრალოდ, ინდივიდუალურად რომ მიხვიდეთ, უბრალოდ დაელაპარაკოთ და პრობლემით დაინტერესდეთ, იქნება ძალიან კარგი. მერწმუნეთ, არავითარ აგრესიას და არავითარ შეურაცხყოფას არ მიიღებთ და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს,"- თქვა საკრებულოს სხდომაზე ვატო სურგულაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×