
რასაც აკვირდებით, ყველაფერი ფარსია. როდის იყო „ლელო“ სხვაგან და გვარამია – სხვაგან, ან გახარია სხვაგან და მელია – სხვაგან. ერთი ჯგუფია, მარგინალური ადამიანების ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი პრობლემაა, რომ მათ ღალატის ნაბიჯი გადადგეს.
„აქ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიმე ასეულია, თუ რამდენიმე ათასია, მარგინალი ნიშნავს, რომ არიან საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ უცხოელმა შეაქოს. ჯგუფი ადამიანებისა აქამდე დეგრადირდა, რომ არათუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზეა შესაძლებელი მათთან საუბარი, ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოთ, ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა. ამის იქეთ, არაფერი არ აინტერესებთ, რა დაემართება ჩვენს ქვეყანას.
ამიტომ, პოლიტიკოსებს რაც შეეხება, მათი მთავარი პრობლემაა, რომ მათ გადადგეს ღალატის ნაბიჯი. ღალატში როცა შევა ადამიანი, ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით, რა შედეგები აქვს ამას. ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავისი გასამართლებელი რაღაც არგუმენტები ალბათ, როგორც ესენი მოიშველიებენ, მაგრამ ისტორიამ ამ ყველაფერს გასცა პასუხი. შენი ქვეყნის წინააღმდეგ როცა მიდიხარ, სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და სხვისი ინტერესებით მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.