რეზონანსი
18.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ჩამოყალიბდება ცალკე სამმართველო, რომელიც უშუალოდ იმუშავებს ისეთი ტიპის ქმედებების გამოვლენასა და რეაგირებაზე, რაც დაკავშირებულია სიძულვილის ენის გამოხატვასთან, ასევე შემთხვევებზე, როდესაც ხდება პიროვნული თავდასხმები, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.

„ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასთან და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში და არ გადადის წაქეზებაში, სიძულვილის ენის გამოხატვასა და ადამიანის ღირსების შელახვაში, არც არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით არ არის დაშვებული, მათ შორის არც ჩვენი კონსტიტუციით არის დაშვებული.

სამმართველოს მიზანს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებაში იყოს ისეთი გარემო, როდესაც მშვიდ ვითარებაში, ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება სხვადასხვა საკითხების განხილვა და არა ადამიანების პიროვნული თავდასხმა ერთმანეთზე. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც დაკავშირებული იქნება, როგორც საშტატო რიცხოვნობასთან, ასევე კონკრეტულ ფუნქციებთან“, - აღნიშნა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ აღნიშნული სამმართველო შესაძლოა შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში.

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამმართველო შეიქმნას ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ფარგლებში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ასეთი ტიპის საქმეებზე მუშაობის.

მთავარია შევხედოთ იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რის ფარგლებშიც იმუშავებს აღნიშნული სამმართველო. ის საკანონმდებლო ბაზა, რაც დღეს არსებობს და მოქმედებს საქართველოში, სრულ შესაბამისობაშია, როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან, თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ბევრი საქმე წაიღეს ევროპულ სასამართლოში და იქიდან ჩვენ მივიღეთ ის სტანდარტები, რაც ამ მიმართულებით არსებობს“, - განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×