
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"საქართველო-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. ეს წინსვლა ხასიათდება პოლიტიკური დიალოგის გაფართოებით, ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურათაშორის და ხალხთა შორის კავშირებით. საქართველოსა და ჩინეთს აქვთ საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცად დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ორმხრივი პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობებში. ამ მხრივ, მსურს მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისტვის.
მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნები აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს. მჯერა, რომ დადებითი დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაღრმავდება და ეტაპობრივად განავითარებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ყოვლისმომცველი პარტნიორობის დონეზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.