
გასაგებია, რომ მწყემსმთავარმა, სულიერმა მამამ მოუწოდოს თავის მრევლს, სამი და მეტი შვილი ჰყავდეთ, მეორე საკითხია ის, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ ქვეყანაში, ამ სიდუხჭირეში და რამდენად შეუძლიათ ოჯახებს ამ ბავშვებისთვის მინიმალური პირობების შექმნა სოციალური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ პატრიარქის დღევანდელ მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
სიორიძის თქმით, ქვეყანა არა დემოგრაფიული პრობლემის, არამედ დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.
"მინდა ვთქვა, რომ დემოგრაფიული პრობლემა კი არ დგას ჩვენს ქვეყანაში, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვდგავართ. უბრალოდ, შინაარსიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება რაღაც წახალისებებით სახელმწიფოს მხრიდან, რაც შეიძლება იყოს ფინანსური წახალისება. ეკლესიის მხრიდან იყო ილია მეორის ინიციატივა მესამე და მომდევნო შვილების ნათლობა, რამაც შედეგი გამოიღო წლების განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სასულიერო და რელიგიური კონფესია ყველაფერს უყურებს იმ პრიზმიდან, რომლიდანაც ის გამომდინარეობს სასულიერო რელიგიური გადმოსახედიდან.
გასაგებია, რომ მწყემსმთავარმა, სულიერმა მამამ მოუწოდოს თავის მრევლს, რომ სამი და მეტი შვილი ჰყავდეთ. მეორე საკითხია ის, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ ამ ქვეყანაში, ამ სიდუხჭირეში და რამდენად შეუძლიათ ოჯახებს ამ ბავშვებისთვის მინიმალური პირობების შექმნა სოციალური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე", - განაცხადა სიორიძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკიხებზე გამახვილა ყურდღება.
პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს", როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს" და „ასეთი ოჯახი განწირულია" . შიო მესამის თქმით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.
„როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.
ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას", - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარის ეზოში შეკრებილ მრევლს