რეზონანსი
17.05.2026

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს.

„დღეს, 17 მაისს, ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა, როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მანვე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

„ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×