
შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი TV პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ ადასტურებს, რომ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
როგორც ყოფილმა ძალოვანმა თქვა, მას ეს სტატუსი დაახლოებით სამი კვირის წინ მიიღო.
„ჩემი თვითმიზანი უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა არასდროს ყოფილა. პირადად მე 2013 წლიდან მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა, მათ შორის 2021 წელს კანადის ვიზა მქონდა, შემოთავაზებაც და შესაძლებლობაც იყო ქვეყანა დამეტოვებინა, თუმცა ფეხები ყოველთვის უკან მრჩებოდა, იმიტომ, რომ ყველა ქართველმა საკუთარ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, - იქ უნდა გაზარდოს შვილები.
ეს [ამერიკაში წასვლა] ჩემი არჩევანი არ იყო, იძულებით მომიწია აქ წამოსვლა. ძალიან რთული გზა გავიარე, რაც შეიძლება ბევრმა არ იცის. რთულია ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი. მარტივი არ არის ოჯახთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, აბსოლუტურად დაუგეგმავად, მოუმზადებლად გადახვიდე სხვა ქვეყანაში და თავის დამკვიდრება.
მე მეამაყება, რომ ხან ამანათებს ვარიგებ, ხანაც სხვადასხვა სამშენებლო ჯგუფებში ვმუშაობ. რაც მთავარია, რასაც ვაკეთებ თუნდაც ჩემი ორგანიზაციის ნაწილში, ჩართვების ნაწილში, მე 17 წლის ასაკში ჩავიცვი ფორმა და ფიცი, რომელიც ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს დადებული, საზსღვრები და გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია და ვთვლი, რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეს დადებული ფიცი პირნათლად შევასრულო. მე ჩამს შვილებს შევპირდი, რომ მათ ქვეყანაში აუცილებლად დავაბრუნებ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.