რეზონანსი
15.05.2026

თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ სათანადო რეაგირება გვექნება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი მარტივი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პატიმრების მხრიდან სინანული მნიშვნელოვანია, რადგან სინანული პრევენციულ ეფექტს შეუწყობს ხელს.

„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით. შეწყალება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლოა პრეზიდენტმა სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში. სასამართლო პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იხელმძღვანელებს. მონანიება და დანაშაულის აღიარება არის მთავარი. ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულსა და მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება.

არავის უხარია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის ყოფნა. გახსოვთ, რომ რევოლუციის პირველი მცდელობის დროს ერთი ადამიანი იყო დაკავებული, როდესაც ლამის მთელი ქალაქი გადაწვეს. ამან ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა წაახალისა. შემდეგ 6 ადამიანი იყო დაპატიმრებული, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება არ იყო, ამან შემდგომ წაახალისა რევოლუციის მე-3 მცდელობა. ამის შემდეგ დააპატიმრეს დაახლოებით 30 ადამიანი, ამან კი თავისი პრევენციული ეფექტი იქონია.

ჩვენ ვინმეს ბოდიში არ გვჭირდება. სინანული, მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, როდესაც ადამიანი ჩვენ და სხვებსაც დაანახებს, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ, ამას პრევენციული ეფექტი ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი. სინანული კი არის ის, რაც პრევენციულ ეფექტს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×