
საბედისწერო დაბადების დღე და უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიდეომასალით ირკვევა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი გასწრების მიზნით გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა. მძღოლმა ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი რამდენჯერმე ამობრუნდა, რის შემდეგაც BMW აალდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილში 8 პირი იმყოფებოდა. ავტოკატასტროფამ 17, 18 და 19 წლის ახალგაზრდები იმსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან ძმები ორი ოჯახიდან. ადგილობრივები "პირველებთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდები გუშინ კახეთში ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, გამთენიისას კი, სახლში დაბრუნების დროს, ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ. მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციელებს ავტომობილის სპეციალური აღჭურვილობით გაჭრა დასჭირდათ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მგზავრების მანქანიდან გადმოყვანა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. თუმცა, ადგილობრივი აქტივისტები და უფლებადამცველები წლებია რუსთავი-გარდაბნის მაგისტრალზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, მხოლოდ ჯარიმების გაზრდა შედეგს ვერ მოიტანს, რადგან გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად უკონტროლოა. პრობლემად სახელდება არასრულწლოვნები საჭესთან, ასევე შემთხვევები, როდესაც ავტომობილს სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები მართავენ.