
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად მოლდოვის დედაქალაქში ახლა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი უნდა იმყოფებოდეს, თუმცა მინისტერიალის აკრედიტაციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უარი მივიღეთ. ოფიციალური კიშინიოვის ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ თბილისს არ უკვირს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კრიტიკულ მედიას უაპელაციოდ ხურავს, ახშობს ალტერნატიულ აზრს და თავს ესხმის დამოუკიდებელ ტელევიზიებს, ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.
ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც მოლდოვის დედაქალაქში ევროპის საბჭოს ეგიდით იმართება, "რუსთავი 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა ყველა საჭირო აპლიკაცია შეავსო და მოთხოვნილი ინფორმაციაც სრულად მიუთითა. ამის მიუხედავად, მასპინძელმა ქვეყანამ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრედიტაციაზე უარი თქვა. ეს მაშინ, როცა "რუსთავი 2"-ს მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება, მათ შორის გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები აქვს გაშუქებული.
რატომ არ მიეცა "რუსთავი 2"-ს მინისტერიალის გაშუქების შესაძლებლობა? დამატებითი შეკითხვებით როგორც მოლდოვის საგარეო უწყებას, ასევე ევროპის საბჭოსაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. წერილობით მივმართეთ და ფაქტის კომპეტენციის ფარგლებში შეფასება ვთხოვეთ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს კომისარსაც. ვიდრე სხვები დუმილის რეჟიმში არიან, ოფიციალური თბილისი ფაქტს მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებს.
გადაწყვეტილების გაკრიტიკება ტრადიციულად უჭირთ ხელისუფლების ოპონენტებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლდოვის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს.
დემოკრატიის სტანდარტების უგულებელყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში მოლდოვის გადაწყვეტილებას. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმის კამპანია გრძელდება. მაშინ, როცა მოლდოვა საქართველოს დემოკრატიის ხარისხს უწუნებს, "ქართული ოცნების" თქმით, დემოკრატიის კრიზისს კანდიდატი ქვეყანა თავად განიცდის.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს, დღეს გაიხსნა. საერთაშორისო ღონისძიების გაშუქებაზე უარი "რუსთავი 2"-ის გარდა, "იმედმა" და "პოსტივი"-მაც მიიღეს.