
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს. სასამართლომ ერმაკს გირაოს გადახდის შესაძლებლობა დაუტოვა.
აღკვეთის ღონისძიების ვადა თავდაპირველად ორი თვით განისაზღვრა. ამ ეტაპზე ერმაკი საპატიმროში არ გადაუყვანიათ, რადგან კანონით ხუთდღიანი ვადა ეძლევა გირაოს შესატანად ან სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასასაჩივრებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული გირაოს გადაიხდის, მას დამატებითი ვალდებულებები დაეკისრება: მათ შორის, ატაროს ელექტრონული სამაჯური, არ დატოვოს კიევის ტერიტორია, ჩააბაროს უცხოური და დიპლომატიური პასპორტები. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს 10 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება. თავად ანდრეი ერმაკი ბრალდებებს უარყოფს.
"ვფიქრობ, ჩემი დამცველი და ადვოკატთა ჯგუფი აპელაციას შეიტანენ. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა, ყველაფრის მიუხედავად, სამართლიანობასა და სიმართლეს მივაღწიოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც ამ პროცესის გარშემო ხდებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე აბსოლუტური ზეწოლის შედეგია. მე ასეთი თანხა არ მაქვს და არც ამისთვის ვემზადებოდი, თუმცა საკმარისად მყავს მეგობრები და ნაცნობები, რომელთა დახმარების იმედიც მაქვს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.