რეზონანსი
12.05.2026

აკაკი წერეთელს დიდი დამსახურება მიუძღვის ჭიათურის მანგანუმის (მარგანეცის) აღმოჩენაში. აკაკიმდე ამ მადნეულის სამრეწველო დამუშავებისთვის არავის უფიქრია. „ამ ათი წლის წინეთ, - წერს იგი თავის სტატიაში, -   როდესაც ჩვენში ფიქრითაც არავის ჰქონია, თუ რა იყო გუნდა ქვა (მარგანეცი), მე შევნიშნე ჩვენში ეს მადნეული და განვიძრახე, რომ მისგან ერთი რამ სასარგებლო საქმე შემედგინა... ათი წლის განმავლობაში, ბევრი შრომა გავწიე. დროც დავჰკარგე და ხარჯიც კარგა ძალი ვნახე და შემწე კი არავინა მყოლია არც ფულით, არც საქმით და არც სიტყვით. მაგრამ რას ვამბობ, რისი შემწეობა. რომ უმეტესობა ყიჟინას მაყრიდა, დამცინოდა, და შეძლებისდაგვარად ხელსაც კი მიშლიდა!“ აკაკი ხუმრობდა: „წყევლა გამოიცვალა, ადრე იცოდნენ შეკურთხება: „ვაი შენ და შავი ქვაო!“ ახლა ამოდენი ხალხი პირ-იქით ატეხს თავს იმ შავ ქვას“.

ერთმა ახლო ნათესავმა აკაკის მამას წერილი მიწერა: „ამ ხუთი წლის წინათ სიხარულით გილოცავდით შენი შვილის უცხო ქვეყნიდან დაბრუნებას, გვეგონა ოჯახის სასიკეთოდ ადვოკატობას დაიწყებდა, მაგრამ იმან მესტვირობა დაიწყო და ეს რომ აღარა გვაკმარა, ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვაო. ქვეყანა საცინლად იგდებს და თავი ვეღარ გამოგვიყვია ქვეყანაში“. 

აკაკიმ უცხოეთიდან მოიწვია მეცნიერები და დაადგინა მანგანუმის საბადოს ქიმიური ბუნება. მოკლე ხანში ქართულმა მანგანუმმა სახელი გაითქვა: ევროპიდან ჩამოვიდნენ ვაჭრები და დაიწყეს მისი წარმოება.

მანგანუმს, ძირითადად, ფოლადის წარმოებაში იყენებენ. მანგანუმის ნაერთებს ხმარობენ გალვანური ელემენტების დასამზადებლად, მინისა და კერამიკის წარმოებაში, სამღებრო და პოლიგრაფიულ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და მედიცინაში.

აკაკიმ, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მანგანუმის წარმოებას. აკაკი ოცნებობდა ქიმიური ლაბორატორიის შექმნაზე. იგი ზრუნავდა ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის საბადოებზე, ახდენდა მათ შედარებას. ერთ სტატიაში იგი აღნიშნავს, რომ ტყიბულის ნახშირი ძველია და შეიძლება მისი გამოყენება, ხოლო გელათის ნახშირის დასრულებას კიდევ ასი წელი სჭირდება და მისი გამოყენება სათბობად ჯერ არ შეიძლებაო.

აკაკი წერეთლის რჩევით, ცნობილმა ქველმოქმედმა და საზოგადო მოღვაწემ, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების ფუძემდებელმა მიტროფანე ლაღიძემ ხელი მოკიდა ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ობიექტს  -  ბარიტის მოპოვებასა და გადამუშავებას, რომელსაც იყენებენ საღებავების დასამზადებლად. მიტროფანე ლაღიძემ, რომელიც წიგნების გამოცემასაც ედგა სათავეში, აკაკის რამდენიმე ნაწარმოები გამოსცა.

აკაკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებით მკურნალობის მეთოდების შესწავლას, რაც თანამედროვე მედიცინის ძირითად სტრატეგიას წარმოადგენს. იგი ოცნებობდა, რომ დაარსებულიყო ორგანიზაცია, რომელიც მთელ საქართველოში შეაგროვებდა ბალახეულობით, თაფლით, ირმის ქონით, ცხოველის ნაღვლით და ა. შ. ხალხური მკურნალობის ხერხებს.

აკაკი ოცნებობდა მამულის საკეთილდღეოდ და არა პირადი მიზნებისთვის. იგი თვლიდა, რომ მანგანუმის მრეწველობის განვითარებას ადგილობრივი მუშების მძიმე პირობების გაუმჯობესება უნდა მოჰყოლოდა. მისი აზრით, ეს საქმე გამოიწვევდა ჭიათურაში რკინიგზის გაყვანას, რასაც, თავის მხრივ, უდიდესი მნიშნელობა ექნებოდა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკურ ცხოვრებაში. მანგანუმის წარმოების შედეგად მიღებული ფულით პოეტი ოცნებობდა სხვადასხვა კულტურულ-საზოგადოებრივი წამოწყებისადმი დახმარების გაწევაზე, პირველ რიგში კი - ამ თანხით ხალხური შემოქმედების ნიმუშთა შეგროვებაზე. მას სტამბების გამართვა და ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემა სურდა.

აკაკი მოუწოდებდა წვრილ მესაკუთრეებს, რომ მათ ხელიდან არ გაეშვათ ეს სიმდიდრე და უცხო ექსპორტიორებისათვის ხელში არ ჩაეგდოთ იგი: ,,აი, რა შეიძლება მოხდეს: ზოგი სიღარიბით, ზოგი სულწასულობით, ზოგი უმეცრებით სულ ტყუილა უბრალოდ დაჰკარგავენ ამ საშვილიშვილო საქმეს და ისეთს ხელში ჩააგდებენ, რომ თვითონვე მათ საშვილიშვილო უღლათ დააწვებათ კისერზედ და ბოლოს ,,არ ვიცოდით’’ და  -  ,,არ გვეგონაო’’ იწყონ თავის მართლება, მაგრამ  ეს ვერაფერს მოეხმარებათ მათ მაშინ, როდესაც შავი მიწის პატრონები თვითონ შავ-მუშად გადაიქცევიან და სხვის სამოწყალოდ დარჩებიან... ჩვენ უნდა ამათზე თვალი გვეჭიროს და ვეცადოთ ხელიდამ არ გაუშვათ. ეს ჩვენ ქვეყანას კეთილდღეობას მოჰმატებს, თუ ჩვენ გვექნა და თუ ხელიდან გაუშვით, დაგვღუპავს’’.

აკაკის ბრძოლის მიუხედავად, ჭიათურის მანგანუმის საბადოები ხელში ჩაიგდეს უცხოელმა კაპიტალისტებმა, ნაწილობრივ - ადგილობრივმა მრეწველებმა და ძვირფასი ბუნებრივი სიმდიდრე ჩვენი ხალხის სასტიკი ექსპლოატაციის წყაროდ იქცა. აკაკის მიერ აღმოჩენილ წამოწყებულ საქმეზე მილიონებს ატრიალებენ ადგილობრივი და უცხოეთის ფირმები. აკაკის, პროგრესის ამ დაუცხრომელ რაინდს, კი ეს არ გამოუყენებია ქონების შესაძენად. ისტორია ყველას თავის შესაფერის ადგილს მიუჩენს.

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს განსაკუთრებით დღეს სჭირდება მოვლა-პატრონობა. ,,არც ერთი ქვეყანა ისე მდიდარი არ არის მადნეულობით, როგორც ჩვენი: აქ არა თუ ქვა-ნახშირი, სპილენძი, რკინა, ქვა-გუნდა (ე.ი. მანგანუმი - რ. გ.), ნავთი, ტყვია, მარმარილო და ამგვარები, უფრო ძვირფასი მადნეულებიც დიდძალი არის. ჩვენ უნდა ამათზედ თვალი გვეჭიროს და ვეცადოთ ხელიდამ არ გაუშვათ. ეს ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას მოჰმატებს, თუ ჩვენ გვექნა და თუ ხელიდამ გავუშვით, დაგვღუპავს. მე რომ შეძლება მქონდეს, ამაებს არც ერთს ხელიდამ არ გავუშვებდი, ჩავყრიდი შიგ ფულს (როგორც ჩვენში ამბობენ) და მეცოდინება, რომ ჩემი ერთი მანეთი ათასს მოიტანდა; არც არას მე წავაგებდი და არც ქვეყანას დაუკარგავდი მის სიმდიდრესა და სახსარს... მაგრამ განა გაბედავენ ამას მისთანა პირები, გინდ ოხრათაც ჰქონდესთ ფული, რომელნიც იძახიან: ,,დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ სადილს მირჩევნიანო’’... მაგრამ შორს აღარ არის ის დრო, რომ ეს აზრი გაქარწყლდება! ეჰ, კეთილი; მაგრამ ჩვენ რა. მაშინ ჩვენ აღარა გვეწევა რა!.. გარიყული ვიქნებით’’. 

ამიტომაც მუდამ უნდა გვახსოვდეს აკაკის რჩევა, რომ არ განმეორდეს წარსულის შეცდომები.

რამაზ გახოკიძე, აკადემიკოსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×