
მაგას აქცია კი არ უნდა, მაგას უნდა ლაპარაკი - თუ არის ამის შესაძლებლობა, ცუდი არ იქნება, რომ ამ თემაზე გაიმართოს დებატები და არა აქციები , - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა, რითაც დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლების მიერ მედიკამენტის მოთხოვნით აქციების გამართვას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ ამ საკითხში გარკვეულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეთიკურად სწორი არაა პოზიცია და არც მორალურად გამართლებული არ არის, რომ „რადგან თქვენ ითხოვთ, აჰა, რაც გინდათ გიქნიათ".
„ამ საკითხში გარკვეულობა ძალიან მნიშვნელოვანია, წამლებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა გამოცდილება კოვიდთან, როდესაც მთელი მსოფლიო ყვიროდა, რომ მოკვდები, ვიღაცები კუბოებზე საუბრობდნენ. ჩვენი მსჯელობა იყო ასეთი, ექსპერიმენტული წამლებით ადამიანების მკურნალობა აუცილებელი არ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ უნდა გაიაზრო რასთან გაქვს საქმე და უნდა გადაწყვიტო. არ უნდა გამოიტანო მოწოდება, რომ მიდით და რასაც გეტყვიან დაემორჩილეთ ამ წესებს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვიყავით დარწმუნებული იმაში, რასაც გვთავაზობდნენ.
ამ სიტუაციაშიც არის ასეთი პოზიცია, რომ სახიფათოა ეს წამლები, რომელსაც ითხოვენ ამ ადამიანებისთვის. ზოგი ამბობს, რომ მერე რა, მათ უნდათ, თვითონ ითხოვენ. მე რომ ვიცოდე, რომ სახიფათოა რაღაც წამალი და თქვენ რომ მოითხოვდეთ, რომ გინდა თუ არა, უნდა გავიკეთო, არ არის სწორი, ეთიკურად სწორი არაა პოზიცია, არც მორალურად გამართლებული არ არის, რომ რადგან თქვენ ითხოვთ, აჰა, რაც გინდათ გიქნიათ. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემზე იყოს თქვენი დაღუპვის ან თქვენი პრობლემის ინიციატივა", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ინფორმაციისთვის, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.