
პარტია „ფედერალისტების" ლიდერი, გიგა ბოკერია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება იმის მიხედვით, განამტკიცებს თუ არა იგი ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ აირჩია 142-ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.
ქრისტიანული მრწამსი იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეკრა ქართული ეროვნული იდენტობა და განსაზღვრა ჩვენი კუთვნილება დასავლური, თავისუფალი სამყაროსადმი.
არაერთი გარე მტერი წარუმატებლად შეეცადა ტირანული ძალადობით ამ იდენტობის წაშლას.
რუსული იმპერიალიზმი „ერთმორწმუნეობის" ყალბი გზავნილის გამოყენებით ცდილობდა იმავეს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი კი სისხლიანი რეპრესიების პარალელურად, ცინიკურად იყენებდა ფსევდო რელიგიურ გზავნილებს.
ეს იყო და არის საქართველოს მტრის სტრატეგიის ერთ-ერთი ხაზი - რელიგიურ ერთობაზე ფარისევლური აპელირებით და რეალურად სამოქალაქო თავისუფლების საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანული პროპაგანდით წაშალოს ჩვენი იდენტობა და შეაჩეროს თავისუფლებისკენ საქართველოს სწრაფვა.
ახალი პატრიარქის მემკვიდრეობა შეფასდება სწორედ იმის მიხედვით, თუ რომელ გზას აირჩევს იგი:
განამტკიცებს თუ არა იგი ფუნდამენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს: პიროვნების ღირსებას, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე თანასწორობას, ნებისმიერი მთავრობისგან ეკლესიის დამოუკიდებლობას და ხელისუფლების და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს;
თუ პირიქით, ნებას მისცემს საქართველოს მტრებს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი სამოქალაქო თავისუფლების წინააღმდეგ, დასავლური ცივილიზაციისგან საქართველოს ჩამოსაშორებლად და საბოლოოდ, ქართული ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოიყენონ", - წერს გიგა ბოკერია.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.