
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ის ერთი მღვდელმთავარი, ვინც ხმა არცერთ კანდიდატს არ მისცა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შიო III-ს ინტრონიზაცია მოხდება და საბოლოოდ დაკანონდება ყველაფერი, მერე შესაძლებელი იქნება ყველაფერზე ლაპარაკი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს. მან 22 ხმა მოაგროვა. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტს იობს (აქიაშვილი) ხმა სინოდის 9 წევრმა მისცა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა ერგო, ერთი ხმა კი გაუქმდა, რადგან ის ცარიელი იყო.
"იცით რაშია საქმე? - ნება დამიტოვეთ, რომ ვისარგებლო ამ ფარული კენჭისყრის.
მე ვფიქრობ, რომ თუ ჩაივლის მშვიდობიანად ეს ყველაფერი, აი ხვალ ვაკურთხოთ მეუფე შიოს, მოხდეს მისი ინტრონიზაცია და საბოლოოდ დაკანონდეს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ გახსნილად შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი. არ არის ჯერ დამთავრებული პროცესი.
ყველაფერზე ვისაუბრებ, რა მაქვს დასამალი...
იცით რა ეგეც დადასტურებაა, თქვენ ახლა გინდათ, რომ მე ამ ფარული კენჭისყრის შიგნით ჩაგახედოთ, რაც არ არის მიზანშეწონილი," - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში მეუფე ნიკოლოზმა.