
ჩვენ არ გვაქვს, არ გვქონია და არც გვექნება რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მიზანი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყველა პოლიტიკა საჯაროდ ხორციელდება და მის უკან არანაირი შეთქმულება არ დგას.
ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთი დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ინტერესების აღიარებაა.
„ჩვენ კვლავაც ვხელმძღვანელობთ სომხეთის სახელმწიფო ინტერესებით და ვაღრმავებთ და ვავითარებთ ურთიერთობებს რუსეთთან, ვაღიარებთ, რომ ამ ურთიერთობებში გარდაუვალი ტრანსფორმაცია ხდება და მე ამ ტრანსფორმაციას დადებითად ვუყურებ. ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის. ზოგიერთმა შეიძლება, თქვას, რომ ეს ჩემი პიროვნებით ან ჩვენი პოლიტიკური გუნდით არის განპირობებული, მაგრამ ასე არ არის. მესმის, რომ არსებობს კითხვები, დისკომფორტი, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. ჩვენ ამ საკითხებს მშვიდად, გაზომილად, დაძაბულობის, ზედმეტი ესკალაციის გარეშე უნდა მივუდგეთ. ჩვენ ამ ლოგიკის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მისი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ ნდობაზეა დაფუძნებული და დააკონკრეტა, რომ ისინი ყველაზე აქტუალურ საკითხებს მშვიდად, პატივისცემით, მეგობრულ ატმოსფეროში, არგუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით განიხილავენ.
„ამ ლოგიკას გავაგრძელებ. გამოვხატავ ჩემს პატივისცემას როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ასევე რუსეთის მიმართ. ამავდროულად, ჩვენ ასევე წინ წავალთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის ფარგლებში, ანუ დემოკრატიული რეფორმების გზაზე. როდესაც დრო მოვა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას (ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობასთან დაკავშირებით) და არ დაველოდებით სხვების მიერ თქმას. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, როდის შეიძლება დადგეს ეს დრო. ჩვენ ვართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები და მივიღეთ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს ორი ფაქტი არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ ფაქტს შეუძლია თანაარსებობა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა ასევე თქვა, რომ მიუღებლად მიაჩნია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ერევანში გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მრავალმხრივი ფორმატია და მის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს ღონისძიება ჩემი ისევეა, როგორც ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. არ მგონია, როგორც სამიტის ასე წარმატებით მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა, უნდა დავუშვა განცხადებების ცენზურა ან ყველაფერზე პასუხი გავცე. ეს მრავალმხრივი ფორმატია და ხალხი სიტყვით გამოდის“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა მისი თანდასწრებით გააკეთა განცხადებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების შესახებ.
„თუმცა, არ მახსოვს, რომ რუსეთი ელოდა ჩემს რეაქციას ამ განცხადებებზე. სომხეთი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვერევით ყველა გლობალურ საკითხში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, საკუთარი პატარა დღის წესრიგით. მაშ, უნდა დავარეგულიროთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები? ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოკრძალებულ როლს მთელ მსოფლიოში გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.