
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერება დაადასტურა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სარჩელი. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. “აბსურდის თეატრია სასამართლო”.
დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა სასამართლოს სამი შუამდგომლობით მიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გოგუაძემ, პროცესზე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს არ მისცა საშუალება შემოსაზღვრული ადგილის ნაცვლად, ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.
“თუ შეიძლება ქალბატონმა მზიამ ჩემს გვერდით დაიკავოს ადგილი, მას არ აქვს შესაძლებლობა თავისუფალი კომუნიკაცია ჰქონდეს ჩემთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა”- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს
“ის თავსდება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე, მე კონტაქტს არ გიზღუდავთ, იქ სადაც არის. ამ შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ”- აღნიშნა ალექსანდრე გოგუაძემ ადვოკატის შუამდგომლობის პასუხად.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულების სახით ვიდეომასალის გამოკვლევა მოხდა, ასევე მხარეებმა სასამართლოს სიტყვით მიმართეს.
ამასთან, კითხვა-პასუხის დროს მხარეებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა.
“მზია ამაღლობელმა ჭიშკრის კედელზე უბრალოდ მიამაგრა სტიკერი, ბატონ გრიგოლ ბესელია მიდის და მიჰყავს პოლიციის დეპარტამენტში, მზია ამაღლობელის სხვა პოლიციელზე გადაცემა არ ხდება, უწყვეტ კადრში ჩანს გრიგოლ ბესელიამ დააკავა”, - მიმართა ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა სასამართლოს.
თავის მხრივ, შსს- ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების გოჩა ვანაძის და გრიგოლ ბესელიას გამოკითხვის მასალების საქმეში დართვა ითხოვდნენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 2025 წლის 11 იანვარს შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის – წარწერით „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავეს.