
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით და მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა.
მისივე ინფორმაციით, ტაძრის ეზოში დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიფიცირება. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება. მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ნაწილობრივ გაშუქდება ეს ღონისძიება ტელევიზიით, „პირველი არხის“ საშუალებით. ამ სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს დასრულების შემდეგ თუ ჩავთვლით საჭიროდ და ამის აუცილებლობა იქნება, ჩვენ თვითონ გავავრცელებთ. ამ კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში. შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა აღარ გადაიცემა და საბოლოოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. მანქანებით მისვლა იზღუდება და ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, ასევე მეტრო „ავლაბრიდან“ იმ აღმართზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მიდის. ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს“,-აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზის განმარტებით, 28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტიც. როგორც ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, კენჭისყრის შედეგები ხვალვე გამოცხადდება.
„სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში. ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულიან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალვე გამოცხადდება. შედეგს გამოაცხადებს მეუფე ანანია, ის არის ხმის დამთვლელი, კომისიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.