
გუშინ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ლალი პაპიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამსახურიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდა ქალს მანქანა ტროტუარზე დაეჯახა. მისი გადარჩენა ფაქტის თვითმხილველებმა და ტრაგედიის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც ფაქტის თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა ჯერ ავტომობილს დაეჯახა, მერე ტროტუარზე მყოფ ახალგაზრდა ქალს. ამ ფაქტს გარდაცვლილი ქალის თანამშრომლებიც შეესწრნენ, ისინი ერთად გამოვიდნენ სამსახურიდან და სახლებში მიდიოდნენ. ძალიან უჭირთ ფაქტის თვითმხილველებს მომხდარზე საუბარი.
“მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. მძღოლი "ბასლაინზე" მოქროდა გიჟივით, ჯერ სხვა მანქანას დაეჯახა, მერე ავარდა ტროტუარზე, საშინელება იყო ამ კადრების ნახვა. მთელი ღამე ამ გოგოს საცოდაობაზე და მის ოჯახზე მეფიქრებოდა. სამსახურიდან გამოვიდა, იქვე "კარფურში" მუშაობდა თურმე. 2 მეტრის მოშორებით მოდიოდა თანამშრომლებთან და ეს ტრაგედია დატრიალდა. მძღოლი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ - სრულწლოვანი, მაგრამ რომ შეხედავდი, ძალიან ბავშვური. ცდილობდნენ გოგოს გადარჩენას. ხელოვნურ მასაჟს უტარებდნენ კარგა ხანს, რომ გული აემუშავებინათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. თქვეს რომ დაოჯახებულია, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდაო და ასე დააობლეს მისი შვილები. ვუსამძიმრებ ოჯახს. საუბარიც მიჭირს, მიკანკალებს ახლაც მთელი ორგანიზმი”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.
ლალი პაპიაშვილი "კარფურში" მუშაობდა, მას ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, რომ სიცოცხლით სავსე გოგო იყო.
“სულ გაღიმებული სახით შეგხვდებოდა. ძალიან თბილი, კეთილი, მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული გოგო იყო. არაჩვეულებრივი ოჯახის დედა. არ ვიცი, მასზე წარსულში როგორ უნდა ვილაპარაკო. ეს რა გავიგე, ამის დაჯერება მიჭირს. სახლამდე ვერ მიაღწია. როგორ საშიშია ქუჩაში გადაადგილებაც კი. ტროტუარზე იდგა და იქ მოუსწრაფა სიცოცხლე”, - ამბობს ახლობელი.
“გუშინ, ასე, 9 საათი იქნებოდა, სამსახურში შევუარე. კარგა ხანს ვსაუბრობდით, გავიხსენეთ ჩვენ შვილებთან ერთად განვლილი წლები. სულ კადრებად მიტრიალებს მისი თვალები, ახლა გული მიკვდება, სიტყვებს ვერ ვპოულობ. რატომ ღმერთო, რატომ?”, - წერს სოციალურ ქსელში მომხდარით შეძრული ახლობელი.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
წყარო: kvirispalitra.ge