
ილია II-ის 49-წლიანი ეპოქის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქო ტახტს მალე ახალი პატრიარქი დაიკავებს. გარდამტეხი მომენტის მოახლოებასთან ერთად, საეკლესიო, საზოგადოებრივი და მათ შორის პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუ როგორ ჩაივლის არჩევის პროცესი, ვინ იქნება ქვეყნის 142-ე პატრიარქი და რა გავლენა ექნება ამ ისტორიულ ცვლილებას ეკლესიასა და ქვეყანაზე.
არჩევნები განსაკუთრებული უსაფრთხოების და დახურული ფორმატის პირობებში ტარდება, პროცესის დიდი ნაწილი საჯარო არ არის. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს საპატრიარქო. ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ კი ტარდება აღსაყდრება - სპეციალური საეკლესიო ცერემონია, სადაც ახალ პატრიარქს ოფიციალურად აკურთხებენ.
პროცესს თან ახლავს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პოლიტიკური შეფასებები, მათ შორის მწვავედ კრიტიკულიც და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ყურადღება. ასევე საუბარია შიდა საეკლესიო და პოლიტიკური გავლენების გააქტიურებაზე. მღვდელმთავრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, რომ „დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული" და ჩარევებს ადგილი არ აქვს. ზოგიერთი უმაღლესი სასულიერო იერარქი კი აცხადებს, რომ ასეთი ჩარევის მცდელობა იყო.
„რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არანაირი ჩარევა არ ყოფილა. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა. თუ ვინმესთან იყო ჩარევა, თვითონ იტყვის. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა", - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწიდა და დასძინა, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ კარგის მოლოდინი აქვს და „ძალიან კარგი და ღვთივკურთხეული დღე გველოდება".
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ამბობს, რომ „მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად". მისი თქმით, არჩევნების პირველ ეტაპზე ჩარევა იყო ერთ-ერთი ბიზნესმენის მხრიდან, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას. ამბობს, რომ „ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას".
ხაზგასასმელია, რომ ილია II, რომელიც საპატრიარქო ტახტს 1977 წლიდან 2026 წლის 17 მარტამდე, ანუ მის გარდაცვალებამდე იკავებდა, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება. სწორედ ამიტომ, მეტი აქცენტი კეთდება ახალი პატრიარქის წონადობაზე.
პროცედურა
გარდამავალ პერიოდში ეკლესიაში დროებით მმართველობა მიტროპოლიტ შიო მუჯირს აქვს, რომელიც 2017 წელს თავად ილია II-მ დაასახელა მოსაყდრედ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სწორედ ის გახდება პატრიარქი, თუმცა ტრადიციულად ასეთი სტატუსი მის გავლენას ზრდის, რაც პატრიარქობის კანდიდატთა გამორჩევის დროსაც გამოჩნდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორის ანდერძი როგორც ასეთი არ არსებობს და ანდერძად ითვლება ის, რომ მან სიცოცხლეში თავისი მოსაყდრე დაასახელა.
ახალი პატრიარქის ორეტაპიანი არჩევის დასკვნითი ნაწილი 11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სინოდის გაფართოებულ კრებას, რომელიც დღის 1-ლ საათზე დაიწყება, მღვდელმთავრების გარდა 2 000-მდე დელეგატი დაესწრება. იმისათვის, რომ ახალი პატრიარქი პირველივე ცდაზე არჩეულად ჩაითვალოს, ერთ ერთმა კანდიდატმა სინოდის წევრთა ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ იმართება დამატებითი კენჭისყრა, სადაც უკვე მხოლოდ ის ორი კანდიდატი იქნება წარდგენილი, ვინც პირველი კენჭისყრისას ხმების მეტი რაოდენობა მიიღო.
- პატრიარქობის კანდიდატთა გამორჩევისას მეუფე შიომ 20 ხმა აიღო, ხოლო მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს 7-7 ხმა ერგოთ.
ხმის უფლება 39 მეუფეს აქვს. შესაბამისად, ახალი პატრიარქის პირველივე ცდაზე ასარჩედვად საჭიროა, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა მიიღოს.
28 აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩა - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
მეუფე შიომ პირველ ეტაპზე ყველაზე მეტი ხმა - წმინდა სინოდის 20 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ეს ხმების სწორედ ის მინიმალური რაოდენობაა, რაც საჭირო საბოლოო არჩევანისთვის. 7-7 ხმა ერგოთ მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს.
დანარჩენი ხმები სხვა სამ კანდიდატზე გადანაწილდა, სულ დასახელებული იყო ექვსი პრეტენდენტი.
საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ვრცელი წერილები ორმა კანდიდატმა - მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა და მეუფე იობ აქიაშვილმა უკვე გამოაქვეყნეს.
მეუფე შიო
მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1-ლ თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო.
2003 წელს აირჩიეს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. 2009 წელს კი წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი.
2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტია. 2010 წლის 21 დეკემბერს შევიდა ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიაში. 2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ დაიცვა დისერტაცია მოსკოვის წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
მეუფე შიოს თავისი პროგრამული ხედვა არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ერთ-ერთი ქადაგებისას პატრიარქ ილია მეორის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციის გაგრძელების თაობაზე მიანიშნა.
„მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს", - აღნიშნა მეუფე შიომ
მეუფე იობი
პატრიარქობის კანდიდატი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა. 1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება.
მეუფე იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს. მთავარი აქცენტებია: შერიგება და მშვიდობა, სოციალური აქტიურობა, დემოგრაფიული გადარჩენა, ეკლესიის ინსტიტუციური და კანონიკური რეფორმა, მეტი სინოდალურობა და გამჭვირვალობა, თანამედროვე გამოწვევებზე ადაპტირებული ეკლესიური მმართველობა.
„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს საყოველთაო შერიგების საქმეში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და მისია, რომელიც საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას. ეკლესია უნდა გახდეს სულიერი ხიდი სხვადასხვა ნაპირზე მყოფთათვის", - წერს მეუფე და მიუთითებს ეკლესიას მშვიდობისმყოფელ და შემრიგებლურ მისიაზე.
წერილში აქცენტია სოციალური პასუხისმგებლობასა და მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვაზე, სიღარიბის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებაზე, უსახლკაროების, ავადმყოფების, პატიმრების მხარდაჭერაზე. მეუფეს წამოწეული აქვს, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ლუდომანიის პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
წერილში საუბარია დემოგრაფიულ კრიზისზე, მეუფეს „გადაუდებელ საჭიროებად" მიაჩნია „დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდის დააარსება. ფონდის ძირითადი მიზნები იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ღირებულებების, შობადობის, მშობლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება".
მეუფე იობი საკათალიკოსო საბჭოს აღდგენას საქართველოს ეკლესიის მმართველობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს. მისი თქმით, საკათალიკოსო საბჭო პირველად 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ შეიქმნა, საბჭოს მუშაობა საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის დევნამ შეაჩერა, თუმცა, დღეს საჭიროა მისი აღდგენა თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ.
მისი თქმით, საბჭოს შემადგენლობაში შევა 7 სასულიერო და 7 საერო პირი და ეს იქნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები.
მისი აზრით, თანამედროვე ეკლესია ბევრ რთულ სფეროს ეხება და მხოლოდ სასულიერო ცოდნა აღარ არის საკმარისი, საჭიროა სპეციალიზებული პროფესიული გამოცდილების ჩართვა. მის წევრებს წმინდა სინოდი შეარჩევს, ანგარიშს კი წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს.
მეუფე გრიგოლი
პატრიარქობის კიდევ ერთი კანდიდატი, მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი, დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1974-1976 წლებში სწავლობდა უკრაინაში, სამოქალაქო ავიაციის კრივი-რიჰის სავიაციო სასწავლებელში. 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. აქვს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მეუფე გრიგოლი პროგრამული ხედვის პრინციპებს აქვეყნებს. ძირითადი აქცენტებია - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების სრულ თანხმობაში მოყვანა (ჰარმონიზაცია) ტრადიციასთან და თანამედროვეობის გამოწვევებთან; ეკლესიის მმართველობის კრებსითი მმართველობის გაძლიერება, სადაც მიაჩნია, რომ „სინოდის სხდომები ვერ ასრულებს სრულად იმ პასუხისმგებლობით დატვირთულ მისიას, რაც მას ეკისრება სამოციქულო ტრადიციის თანახმად".
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მღვდელმსახურთა სოციალური მხარდაჭერა, სოციალური მსახურებისა და საეკლესიო სოციალური დოქტრინის განვითარება, საღვთისმეტყველო განათლება და მისიონერობა, ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა, საეკლესიო ტრადიციის დაცვა და საზღვარგარეთის ეპარქიებსა და დიასპორასთან მჭიდრო ურთიერთობა. მეუფე ვრცელ წერილში საუბრობს როგორც ამ პრობლემებზე, ისე მისი გადაჭრის გზებზე.
„ამ საკითხების გადაჭრის პროცესში დიდად გვეიმედება მთელი ქართული საზოგადოება და მედია-სივრცე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული მედიის წარმომადგენელთა თანამშრომლობა სრულად კონსტრუქციულ რეჟიმში გადაინაცვლებს, რაც შესაძლებელს გახდის ჩვენი სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის, დედა ეკლესიისა და მისი მრევლის თითოეული წევრის ღირსეულ სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრებას", - ნათქვამია ფოთისა და ხობის ეპარქიის მიერ გავრცელებულ წერილში.