
ოპოზიციურ ალიანსს 10 მაისიდან რეგიონებში გასვლა აქვს დაანონსებული, თუმცა, მათი შესაბამისი აქტივობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. რამდენიმე შეხვედრა აპრილის ბოლოს მსხვილ ქალაქებში უკვე შედგა, თუმცა დახურულ ფორმატში და მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით. ამის ფონზე კი ალიანსში კვლავ გრძელდება შიდა კინკლაობა და ერთობის შენარჩუნება ისე სათუო ჩანს.
ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც 9 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, 31 მარტს ოფიციალურად დაიწყო „ეროვნული მობილიზაციის კამპანია". კამპანიის იდეა იყო რეგიონებში გასვლა, მოქალაქეებთან პირდაპირი შეხვედრები და 26 მაისისთვის დიდი საპროტესტო მობილიზაციის მომზადება. დაანონსდა რეგიონებში გასვლითი შეხვედრების დაწყების თარიღიც - 10 მაისი. თუმცა, მანამდე გაიმართა ორო შეხვედრა ქუთაისსა და ბათუმში.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ პროცესებში ჩართული არ ყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ეს იმით ახსნა, რომ პარტია იმავე პერიოდში, საკუთარ პარტიულ ღონისძიებებს ატარებდა.
- მიხეილ სააკაშვილი: „ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია... ახლა გვჭირდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან მოპოვებული „სადაზვერვო" ინფორმაცია. ადრე ამას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ახერხებდა".
„ისეთი ტიპის შეხვედრები ჩატარდა, რომელზეც დიდად ინფორმაციას არ ვფლობ, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ეს შეხვედრები გაიმართა, „ნაციონალურ მოძრაობას" სამი ნაბიჯის კამპანია ჰქონდა დაგეგმილი.
„შეიძლება, პოტენციურად ადგილები არ ეყოთ ადამიანებს, რადგან შეხვედრები ასეთი ხასიათის იყო. ამის შემდეგ უფრო მეტად იქნება ეს სახალხო ხასიათის შეხვედრა და კამპანია. „ნაციონალურ მოძრაობას" არ მიგვიღია მონაწილეობა ამ კონკრეტულ აქტივებში, ამიტომაც კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარალელურად კვლავ გრძელდება შიდა დაპირისპირება ოპოზიციის ალიანსში. შაბათს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიცია უმძიმეს კრიზისშია.
„არა მხოლოდ დიქტატურაა კრიზისში, არამედ ოპოზიციაც უმძიმეს კრიზისშია. ის გადაიქცა ტელეეთერებიდან და „ფეისბუქებიდან" მოსაუბრე პოლიტმიმომხილველებად, რომლებიც დამატებით კიდევ ერთმანეთთან გადაკიდებულ „კუტოკებადაა" დაყოფილი. სამწუხაროდ, ეს დიდწილად ეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც", რომელიც თავიდან დავაფუძნეთ, როგორც ფართო სახალხო მოძრაობა და ახლა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩაკეტილია საკუთარ თავში და რეგიონებშიც თუ გადიან ლიდერები, ისევ საკუთარი ძველი აქტივის სანახავად და ერთმანეთის გასამხნევებლად.
- თამარ ჩერგოლეიშვილი: „ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა".
„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენს საფუძვლებთან დაბრუნება. რევოლუციური ტალღა, რომელიც ჩვენ თავის დროზე ავაგორეთ, ეფუძნებოდა ჩვეულებრივ მშრომელ ხალხს. მათ, ვინც დღე-ღამეს პარტიაში ასწორებდა და იდაყვებით ანგრევდა კორდონებს. ისინი არ მოსულან ვაკე-ვერიდან და დასავლური უნივერსიტეტებიდან. ჩვენ მაშინ თავიდან გავიცანით ჩვენი ქვეყანა, მაშინ შევდექით ერად, რომელსაც წარმოდგენა ჰქონდა თავისი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ახლა ისევ თავიდან გვაქვს გასაცნობი ეს ქვეყანა და თავიდან ასაგები ის ადამიანური ინფრასტრუქტურა, რომელიც „მერიოტებში" კი არ შეიკრიბება, არამედ სოფლიდან ამბავს მოიტანს და სხვა ქუჩებზე, სხვა ტრაექტორიებით სიარულს არ ითაკილებს, ვინც, სოციალურ ქსელებში აქტივობის გარდა, რამეს მაქნისი იქნება, მათ შორის, ფიზიკურად მაქნისი, და ბმა ექნება მეწაღესთან, მწვანილის გამყიდველთან, ლტოლვილთან, ექთანთან და ა.შ.
„ოპოზიცია გამოკეტილია თავის კომფორტულ ვირტუალურ რეალობაში და „ქოცების" მიერ ჩადენილ ყოველდღიურ ბოროტებაზე ისეთ ენაზე საუბრობს, რომელიც ხალხს საერთოდ არ ესმის. ამ გაუგებარი ენის ფონზე საშუალო სტატისტიკური ქართველი აგრძელებს ერთისა და იმავე ფრაზის წარმოთქმას - „მთავარია მშვიდობა იყოს", რაც ითარგმნება, რომ „ქოცები" არიან თურმე მშვიდობის ბურჯები და დანარჩენი ყველანი „ამრევები". ახლა გვჭირდება ჩვეულებრივი ადამიანებისგან მოპოვებული „სადაზვერვო" ინფორმაცია. ადრე ამას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ახერხებდა, ამისთვის ახალი ალტერნატიული ადამიანური ინფრასტრუქტურაა გასაკეთებელი. ახალი ნარატივია საჭირო „ევროპა გვინდა"-ს მიღმა, თორემ ახლა საკუთარი აბსტრაქტული სლოგანების ექო გვესმის მარტო", - წერს სააკაშვილი.
ამის საპასუხოდ „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის კონვულსიების თავად სააკაშვილისა და მისი პარტიის პრობლემაა".
„მემგონი მართლაც დადგა დრო, რომ სატელევიზიო სტუდიებიდან გამოვიდე. აუტანელი გახდა უკვე ეს შეუზღუდავი ეთერი. მადლობა, ბელადო, რომ გამომაფხიზლე! ახლა ირონიის გარეშე: კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსს მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა. ამდენად, ალიანსში მართლა არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
მმართველი გუნდი ოპოზიციური ალიანსის გეგმების მიმართ თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. პრემიერმა ირაკლი კობახიძემკი 9 მაისს განაცხადა:
„ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში ვერცერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
- ნიკა ჩიტაძე: „მე ასე მგონია, რომ გეგმები არსებობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჯერ შეხვედრა არ ჰქონიათ და მერე მეტ ინფორმაციას გავიგებთ."
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, 26 მაისამდე რეგიონებში შეხვედრები გაიმართება, თუ რამემ ხელი არ შეუშალა. მისივე თმით, ენმ-ც უნდა იყოს მონაწილე.
„რეგიონებში გასვლას ხალხის რაოდენობა სჭირდება და მარტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკმარისი არ იქნება, თუმცა აქტიურობას აპირებენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რადგან 26 მაისს მოქალაქეთა დიდ რაოდენობას მოუყარონ თავი.
„10 მაისიდან ხომ დაიწყებენ სიარულს და გაგვაცნობენ სხვა დეტალებს. მე ასე მგონია, რომ გეგმები არსებობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჯერ შეხვედრა არ ჰქონიათ და მერე მეტ ინფორმაციას გავიგებთ.
„ჩემი აზრით, ახლა რეგიონებში გასვლის პროცესში „ნაციონალური მოძრაობა" ჩაერთვება, რადგან ეს საჭიროა - ყველა პრობლემა უნდა გადაილახოს. ასე რომ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ისინიც იყვნენ.
„თუ რეგიონებში გასვლა ჩაიშალა, მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა მიზეზით მოხდა ეს. ხშირად არის ხოლმე, როცა ხელისუფლება იქ თავის აქტივისტებს ახვედრებს, რომლებიც პროვოკაციებს ცდილობენ. მე პირადად ვიყავი რამდენიმე ღონისძიების მონაწილე და ეს ვიხილე. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".