
ამ თემის [დიუშენის მედიკამენტი] პოლიტიზირება არის დაუშვებელი, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ მედიცინაში ხშირად ორჯერ ორი ოთხი არ არის.
“იმიტომ, რომ ჯანდაცვა არის სულ სხვანაირი განვითარების სფერო, რომელსაც სულ სხვანაირი მიდგომები სჭირდება. დაახლოებით ოქტომბერში კიდევ რამდენიმე კვლევა მთავრდება, რომელიც ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის. რამდენიმე მშობელი ბავშვთან ერთად საფრანგეთში იყო და უკან დაბრუნდნენ, არავითარი განსხვავება არ არისო, ეს არის მშობლების სიტყვა, რომელიც მე მითხრეს პირადად. საფრანგეთმა, რომელიც თითქმის 10%-ს ხარჯავს მშპ-დან, ჯერ-ჯერობით ვერ გადაწყვიტა რომელი მედიკამენტით უმკურნალოს ამ პაციენტებს. ეს თემა პოლიტიკურად უნდა ჩავხუროთ და ის უნდა დარჩეს ექიმების და პაციენტების განსახილველი. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მიიღებს იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მკიცებულებით მედიცინაზე”, - განაცხადა ზაზა ლომინაძე.