
მოსკოვში 9 მაისის სამხედრო აღლუმმა, რომელიც ამ ზეიმის არსებობის ისტორიაში ყველაზე მოკრძალებული იყო, მშვიდად ჩატარდა. უკრაინა და რუსეთი 3 დღით ცეცხლის შეწყვეტასა და ტვეთა მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის პარალელურად გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ეს დროებითი ზავი, შესაძლო, ომის დასრულების დასაწყისი გახდეს.
უშუალოდ აღლუმის წინ ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო. რუსეთის დასავლეთ რეგიონებში, უკრანის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმების გამო, აღლუმები გაუქმდა. უშუალოდ მოსკოვის წითელი მოედანი დრონებისგან დამცავი ბადეებით გადახურეს. გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეებში დედალაქალის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რეგიონებიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები გადაისროლეს. ამან კი უკრაინულ მხარეს რუსეთის პერიფერიებშ მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გაუადვილა.
მეორეს მხრივ, კრემლი საპასუხო მოქმდებისთვის ემზადებოდა. დაანონსდა, რომ მოხდებოდა მასშტაბური დარტყმა კიევში მდებარე „გადაწყვეტილების მიმღებ პუნქტებზე". საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ კი უცხოელ დიპლომატებს 9 მაისს კიევის დატოვება ურჩია.
- ზელენსკის ოფიციალური განკარგულება: „დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან".
პარასკევს, აღლუმის წინა დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამდღიან (9-დან 11 მაისამდე) ზავზე შეთანხმდნენ, რომელიც საომარი მოქმედებების შეჩერებას და ტყვეთა ფართომასშტაბიან გაცვლას მოიცავს. ინფორმაცია როგორც კრემლმა, ისე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურეს. ამ უკანასკნელის განცხადებით, გაცვლა მოხდება ფორმატით 1000/1000-ზე.
ამის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოსცა ირონიული შინაარსის განკარგულება, რომ რუსეთმა 9 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეძლოს.
„ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებში იყო განსაზღვრული და მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, ვადგენ:
დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან", - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში სადაც ასევე მითითებულია მოსკოვის წითელი მოედნის კოორდინატები.
- ტრამპი ზავის გახანგრძლივებაზე: „ყოველთვიურად 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია".
საპასუხოდ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ აღლუმის ჩასატარებლად არავის ნებართვა არ სჭირდებათ.
„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ვაი მას, ვინც გამარჯვების დღეს დასცინის და მსგავს სულელურ ხუმრობებს ცდილობს. ეს, ალბათ, მისთვის ყველაზე დიდი უბედურებაა. ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება, რომ ჩვენი გამარჯვების დღით ვიამაყოთ", - განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო.
შაბათს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დროებითი პაუზა „ძალიან ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი" გახდება. კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ზავი გახანგრძლივდეს, მან დადებითად უპასუხა.
„შესაძლებელია. ეს კარგი იქნებოდა. მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
მიუხედავად ამისა, კიევში ბევრი ამ ზავს სკეპტიკურად უყურებს და მას რუსეთისთვის „ამოსუნთქვის საშუალებად" მიიჩნევს.
აღლუმის ფორმატი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წლევანდელი ღონისძიება შემოიფარგლა მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავების საჰაერო ჩვენებით და ქვეითი ქვედანაყოფების მარშით წითელ მოედანზე. მძმე ტექნიკა აღლუმზე არ გამოუყვანიათ.
მოკრძალებული იყო უცხოელი სტუმრების რაოდენობაც. მოსკოვში მხოლოდ რამდენიმე უცხოელი ლიდერი ჩავიდა: ალექსანდრე ლუკაშენკო (ბელარუსის პრეზიდენტი), ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი (ყაზახეთის პრეზიდენტი), შავკათ მირზიოევი (უზბეკეთის პრეზიდენტი), თონგლუნ სისულითი (ლაოსის პრეზიდენტი), სულთან იბრაჰიმი (მალაიზიის მეფე), რობერტ ფიცო (სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი), მილორად დოდიკი (ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი).
გარდა ამისა, აღლუმს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ბადრა გუმბა და ალან გაგლოევი.