
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები - 1 000 ლარს მიიღებენ.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს, ამჟამად საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანია. შეგახსენებთ, რომ დღეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.