
საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში ჩნდება მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.
აღნიშნული ცვლილება შევიდა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის“ შესახებ მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის დადგენილებაში.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ფინანსურ ზღვარს ეხება. კერძოდ, ახალი დადგენილების მიხედვით, თუ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ მიღებული ხელფასი (დასაბეგრი შემოსავალი) ბოლო 3 თვის განმავლობაში, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.“
ამასთან, დადგენილების მიხედვით, ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ:
გარდაცვლილ პირებს.
ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს.
ამასთან, ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზეც, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული საშეღავათო პირობებით, მათ შორის, „პილოტური პროგრამით − ერთად ოჯახების გაძლიერებისათვის“.
ამასთან, გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, დადგენილება უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შეგახსენებთო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“
ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
წყარო: bpn.ge