
ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, 5 სპეცრაზმელის დაკავება პროპაგანდის ნაწილია და არა „დასავლელ პარტნიორებთან ლაპარაკი“.
„არ მგონია, რომ აშშ-ს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ელაპარაკებოდნენ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯებით. თუ მათ უნდათ პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, ამისთვის არსებობს ძალიან მყისიერად გადასადგმელი რამდენიმე პოლიტიკური ქმედება: 1. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი. 2. პოლიტპატიმრების საკითხი 3. პოლიტიკოსებზე წარმოუდგენელი, განუსაზღვრელი სიგიჟის სისხლის სამართლის საქმე და 4. რეპრესიული კანონმდებლობა.
თუ ეს არის მცდელობა იმისა, რომ საკუთარი იმიჯი გამოასწორონ დასავლელ პარტნიორებთან, ყოველ დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში რატომ მიჰყავთ პოლიციელები, როგორც ცრუ მოწმეები და ალაპარაკებენ ტყუილებს? ამას აგრძელებდე ყოველდღიური რეჟიმში და აქეთ ხუთი სპეცრაზმელი ვითომ სამაგალითოდ დასაჯო, ვერ იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გაკეთილშობილდა. მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის საკვებია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა „ლელოს“ პოზიციაა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებითაა შესაძლებელი.
„პროტესტი არის კარგი და პროტესტს ჩვენც ვუჭერთ მხარს. ჩემი მეგობრები ამჟამადაც ბათუმში იმყოფებიან და იქ მონაწილეობენ საპროტესტო მარშში პოლიტპატიმრების მშობლებთან ერთად. ამ კუთხით, ჩვენ ყველგან ვართ, ქუთაისის მარშშიც ვმონაწილეობდით, ჩვენი კოლეგები თბილისში ხვალაც იქნებიან შაბათის მარშზე, ამას ვაძლიერებთ და მხარს ვუჭერთ. 26 მაისსაც ვიქნებით[აქციაზე], რა თქმა უნდა. საზოგადოების უმრავლესობაში არის საპროტესტო მუხტი, ვერანაირი დღე ვერ იქნება ვერცერთი პარტიის საკუთრება.
მხოლოდ პროტესტი არ არის საკმარისი, თუ გგონია, რომ მხოლოდ პროტესტით შეიცვლება ხელისუფლება, არა. პროტესტი და არჩევნებისთვის მზადება. ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილების გზა არის არჩევნები, თუმცა პროტესტი აძლიერებს არჩევნებისთვის მომზადების პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.