
აშშ მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს თუ პროგრესი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რომში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა სცადა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულება, „თუმცა, ჯერჯერობით ამან ნაყოფიერი შედეგები არ გამოიღო რიგი მიზეზების გამო“.
„ჩვენ კვლავ მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ თუ ეს პროდუქტიული შეიძლება იყოს. არ გვინდა ჩვენი დროის ტყუილად ხარჯვა და დროის, ენერგიისა და ძალისხმევის ინვესტირება იმაში, რაშიც პროგრესი არ არის.
მაგრამ თუ შესაძლებლობას დავინახავთ, რომ როგორც შუამავალმა ვიმოქმედოთ, რომელიც ორივე მხარეს სამშვიდობო შეთანხმებასთან დააახლოებს, გაგვიხარდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები გაჭიანურებულ ომს ტრაგედიად მიიჩნევს, რომლისთვისაც „ორივე მხარე ძალიან მაღალ ფასს იხდის, როგორც ეკონომიკურ, ასევე, ცხადია, ადამიანურ ფასს“.
„ეს ომი ტრაგიკულია. ორივე მხარე ძალიან მძიმე ფასს იხდის მისთვის, როგორც ეკონომიკურს, ასევე, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე. ის დესტრუქციულია, მის წინააღმდეგ ვართ. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი როლი შევასრულოთ მშვიდობიანი დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ძალისხმევა სტაგნაციაში შევიდა, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ თუ გარემოებები შეიცვლება“, - დასძინა რუბიომ.