
ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება ბალკანეთის ქვეყნებთან, ეკონომიკური კავშირები, სატრანზიტო დერეფნები, რომლებსაც საქართველო როგორც შავი, ასევე ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებს სთავაზობს, ენერგოუსაფრთხოება, ევროინტეგრაციის საკითხები და არაღიარების პოლიტიკა - მონტენეგროში სამ დღიანი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, როგორც ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე ორმხრივი შეხვედრებისას სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ გამოიყენა.ა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი აქ მონაწილეობა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია იმ ფონზე, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მუდმივ კავშირზე, გავცვალოთ პოზიციები. ასამბლეის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების. ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს ორმხრივად. ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ გავცვალოთ კონტაქტები, კიდევ უფრო გავაღრმაოთ საპარლამენტთაშორისო ფორმატი, მეგობრობის ჯგუფების პლატფორმა", - განაცხადა მეზურნიშვილმა.