
საქართველოში 9 მაისი კვლავ ორი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გადაკვეთის დღედ რჩება, ნაწილი ფაშიზმზე გამარჯვებასა და მეორე მსოფლიო ომში ქართველების მსხვერპლს უსვამს ხაზს, ნაწილი კი ევროპის დღესა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე აკეთებს აქცენტს.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 9 მაისს ევროპის დღე „ექსპო ჯორჯიაში" აღინიშნება. მისი თქმით, იქნება აქტივობები და მნიშვნელოვანი საუბრები, ჰერჩინსკის სიტყვებით, „წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის შეკრებაზე „იმ ხალხს თუ ვნახავთ, ვინც 26 მაისს ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი კითხვაზე, ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან".
პაპუაშვილი ჰერჩინსკის ევროპის დღეს ულოცავს და ვრცელ წერილს სწერს, რომ ამ დღეს სიმბოლური აღნიშვნის გარდა უნდა დაფიქრდნენ, რეალურად რა არის ევროპა და როგორ განაპირობებს ის საქართველოს მომავალს. მისი თქმით, შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ „ისე ჩაატარა ევროპის დღე, ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ომში 300 ათასი დაღუპული ქართველის წვლილი იმაში, რომ დღეს საერთოდ აქვთ შესაძლებლობა, ცხოვრობდნენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი" .
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო. 2 000 ლარი - მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეებისთვის, 1 000 ლარი - ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებისთვის.
- შალვა პაპუაშვილი: შარშან 9 მაისს ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღე, ერთხელაც არ ახსენა ფაშიზმზე გამარჯვების დღე და ომში 300 ათასი დაღუპული ქართველის წვლილი
აქვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ყურადღება ახლა მოსკოვის წითელი მოედნისკენაა მიმართული, 9 მაისის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია მკვეთრად იძაბება, თან იმის ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალოდ 9 მაისისთვის არანაირ გარანტიას არ აძლევს, რომ შეტევა არ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღლუმზე სიტყვით გამოვა, უშაკოვი ადასტურებს, რომ სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანენ. უკრაინის თავდასხმის საფრთხის გამო გამკაცრებულია კონტროლი, მეტიც, ინტერნეტთან და სმს-ებზე წვდომა იზღუდება.
„სრულიად სარკისებრ ვიმოქმედებთ. დღევანდელი დღე მათ ფრონტზე ახალი დაბომბვებით დაიწყეს, იყო საშტურმო აქტიურობა. გამოიყენება დრონები. გუშინ კიდევ უფრო მეტ საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ. იყო ჩვენი სარკისებრი პასუხები... ხვალინდელი დღე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რას მოვისმენთ დღეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მოსკოვში ღონისძიება წითელ მოედანზეა დაგეგმილი, რომელიც დრონების საწინააღმდეგო ბადეებითაა დაქსელილი და მაღალი უსაფრთხოების დონე იმოქმედებს. კრემლი 9 მაისის ღონისძიებას დიდი ფეიერვერკით ასრულებს ხოლმე, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, „ხელისუფლება ბოლო მომენტამდე ასაიდუმლოებს გაისვრიან თუ არა სადღესასწაულო ზალპებს, რომელიც 10 წუთს გრძელდება ხოლმე".
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, წელს მოსკოვში „უკვდავი პოლკის" მსვლელობა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. 9 მაისს სრულიად გაითიშება ინტერნეტი და ვერც სმს შეტყობინებების მიღება-გაგზავნა იქნება შესაძლებელი. ასევე ცნობილი გახდა, რომ კრემლმა უცხოურ ჟურნალისტებზე აკრედიტაცია არ გასცა აღლუმზე დასწრებისთვის. არ არიან მიწვეული უცხოელი სტუმრები რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
კრემლმა 9 მაისის აღლუმზე დამსწრე უცხოელი სტუმრების სია უკვე გამოაქვეყნა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, 8 მაისს პირველი მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკო ჩაფრინდება. 9 მაისს, რუსეთის დედაქალაქში ელიან ევროკავშირის ქვეყნების ერთადერთ წარმომადგენელს - სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს. ის მოსკოვში შემოვლითი, „ჩრდილოეთის" გზით მიფრინავს - ჩეხეთის, გერმანიის, შვედეთისა და ფინეთის გავლით. ასეთი მოგზაურობა დაახლოებით 3,5 - 4 საათს გასტანს. უშაკოვის თქმით, 9 მაისს პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს სლოვაკეთის პრემიერ ფიცოსთან, ასევე კიდევ ერთ უცხოელ სტუმართან - მალაიზიის უმაღლეს მმართველთან, სულთან იბრაჰიმთან
კრემლის სიაში ასევე არიან: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა მეუღლესთან ერთად; არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი; ლაოსის პრეზიდენტი თხონგლუნ სისულიტი და ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლები.
ჩინეთი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის და ქვეყანას მხოლოდ საელჩოს ოფიციალური პირები წარადგენენ. ჩინეთის საგარეო უწყება არ აკონკრეტებს რატომ გადაწყდა ასე.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება. მიზეზად საპარლამენტო არჩევნების კამპანია დაასახელა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის 37 რეგიონში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება, 15 მდე რეგიონში კი მოსალოდნელი თავდასხმების გამო საერთდაც გაუქმდა ღონისძიებები.
„რია ნოვოსტის" ცნობით, კრასნოდარში აღლუმი ქალაქის მთავარ მოედანზე ჩატარდება მოსკოვის დროით 10:00 საათზე. „მონაწილეთა და მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომა იქნება მიღებული, მოედანზე შესვლა მხოლოდ მეტალოდეტექტორებისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი". ყუბანში კი, „უკვდავი პოლკის" მსვლელობა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. აღლუმთან დაკავშირებით კრასნოდარში სატრანსპორტო შეზღუდვებია დაწესებული.
როსტოვის ოლქში „უკვდავი პოლკის" მარში გაუქმდა და ღონისძიება „სხვა ფორმატით" გაიმართება. "ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ფოტოები ავტომობილებსა და სახლებზე იქნება გადმოფენილი, ფოტოებს ასევე სოციალურ მედიაშიც გამოაქვეყნებენ".
ამავე ოლქის ქალაქებსა და რეგიონებში „4 მაისიდან 9 მაისამდე 1500-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი: კონცერტები, წიგნების გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, მუზეუმის ექსპონატები და ა.შ. 1000-ზე მეტი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართება - დაწესებულებების ვებსაიტებზე".
სტავროპოლში „უკვდავი პოლკის" მსვლელობა ლენინის მოედანზე ცოცხალ რეჟიმში გაიმართება, „რეგიონში დაწესდება მრავალშრიანი უსაფრთხოების სისტემა, დამატებითი პატრულირება და კონტროლი, ფეიერვერკი კი გაუქმებულია".
რაც შეეხება დაღესტანს, მაჰაჩყალაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სხოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყება, დაგეგმილია „უკვდავი პოლკის" მსვლელობა.
ონლაინ-ცოცხალი შერეული ღონისძიებები დაგეგმილია რუსეთის კიდევ რამდენიმე ოლქში, ძირითადად გაძლიერებული დაცვისა და მონაწილეთა მაქსიმალური კონტროლის ფონზე.