
ბულგარეთის მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი დაამტკიცა, რომლის პარტიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. რუსეთთან დაახლოებულ ლიდერს ბრიუსელში ფრთხილად აკვირდებიან, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ფინანსური და პოლიტიკური ვალდებულებები სოფიას ევროკავშირის კურსიდან გადახვევის საშუალებას არ მისცემს.
ექსპრეზიდენტი რუმენ რადევი ხუთშაბათს ოფიციალურად ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრად დასახელდა. ამით მან არჩევნებში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება გაამყარა, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში დაქსაქსული პოლიტიკური წესრიგი დაასრულა.წერს პოლიტიკო.
19 აპრილის არჩევნებში რადევის ახლად შექმნილმა პარტიამ, „პროგრესულმა ბულგარეთმა", 1997 წლოს შემდეგ პირველი აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ამით არასტაბილური კოალიციებისა და განმეორებითი არჩევნების წლები დასრულდა იმ სახელმწიფოშო, რომელიც ევროკავშირის წევრია.
ყოფილმა პრეზიდენტმა და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა წინასაარჩევნო კამპანია ბულგარეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ არსებულ უკმაყოფილებაზე ააგო. ის ტრადიციულ პარტიებს მრავალწლიან კორუფციაში, არასტაბილურობასა და კულუარულ გარიგებებში ადანაშაულებდა. ხუთწლიანი ცვალებადი კოალიციებისა და რვა არჩევნების შემდეგ, რადევის მოძრაობამ „პროგრესული ბულგარეთი" ქვეყნის ძველი პოლიტიკური გვარდია დაამარცხა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს დილით რადევს გამარჯვება მოულოცა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროპის წინ „ძლიერი დღის წესრიგია", რომელზეც ერთობლივად უნდა იმუშაონ.
ხუთშაბათს, მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას, რადევმა თავისი პრიორიტეტებიც დაასახელა. მისი თქმით, მთავრობის ყურადღების ცენტრში მზარდ ფასებთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა და საბიუჯეტო დისციპლინა იქნება.
რადევის გამარჯვება ბულგარეთში მრავალწლიან პოლიტიკურ ჩიხს ასრულებს, თუმცა ამავდროულად ახალ, რუსეთთან დაახლოებულ მთავრობას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდ საპარლამენტო მანდატს ანიჭებს
- პაატა ზაქარეიშვილი: „ორბანს სულ სხვა ამოცანები ჰქონდა, ორბანი მარტო უნგრეთი არ იყო, მას თავისი ვალდებულებები ჰქონდა მემარჯვენე კოალიციის წინაშე, მეტი ამბიცია ჰქონდა, ბულგარეთი სულ სხვა დონეა და ის თავის ვალდებულებებს შეასრულებს"
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბულგარეთმა, ისევე როგორც ევროკავშირმა, საკუთარი ვადებულებები უნდა შეასრულოს. აღნიშნავს, რომ თუ ბულგარეთი ახალი მთავრობის პირობებში ვალდებულების შესრულებას თავს აარიდებს, ევროკავშირის ფინანსური დახმარებაც შეწყდება, თუმცა ამ სცენარს თვად არ ელოდება.
„ნამდვილად არ მესმის იმ ხალხის, ვინც ევროპაში სრულ კრიზისს ხედავს. ევროპა იმდენად შორსაა, რომ წინ ვერ ვხედავთ და უკან ვიყურებით. თუ ხარ ევროკავშირის წევრი, ვალდებული ხარ შეასრულო ევროკავშირის სტანდარტები, არავინ არ ერევა შენს შიდა საქმეში, ვიდრე ხარ ევროკავშირის წევრი უნდა შეასრულო ევროკავშირის პირობები, თუ არადა ევროკავშირსაც აქვს უფლება არ შეასრულობს პირობები - შენ თუ არ ასრულებ, ისიც არ ასრულებს.
„რაც არ უნდა მოხდეს ბულგარეთში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა ევროკავშირისთვის, ბულგარეთს რაც არ უნდა მთვრობა ჰყავდეს - კონსერვატული, ლიბერალური, მემარჯვენე, მემარცხენე - მნიშვნელობა არ აქვს, უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე. თუ არ ვცდები, ბულგარეთი ევროკავშირისგან, წელიწადში, სულ ცოტა 6-7 მილიარდამდე მხარდაჭერას. თუ ბულგარეთი შეწყვეტს ვალდებულებების შესრულებას, ეს ფულიც შეწყდება."
კითხვაზე, შეასრულებს თუ არა ბულგარეთი ამ ვალდებულებებს ახალი მთავრობის პირობებში, გვპასუხობს, რომ „აუცილებლად"
„აუცილებლად შეასრულებს, აუცილებლად. ორბანს სულ სხვა ამოცანები ჰქონდა, ორბანი მარტო უნგრეთი არ იყო, მას თავისი ვალდებულებები ჰქონდა მემარჯვენე კოალიციის წინაშე, მეტი ამბიცია ჰქონდა, ბულგარეთი სულ სხვა დონეა და ის თავის ვალდებულებებს შეასრულებს."
თუმცა, მაინც უნდა ველოდოთ თუ არა ბრიუსელსა და სოფიას შორის დაძაბულობას, ზაქარეიშვილი გვპასუხობს:
„არა, გამორიცხულია, ჩაიწერეთ ეს ყველაფერი და 1 წლის შემდეგაც დავილაპარაკოთ."