
აშშ-დან მაისის დაანონსებული ვიზიტი შედგა - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი საქართველოშია, ის ხვდება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზიტების შედეგი რა იქნება, ძნელი სათქმელია, თუმცა, ეს ნაბიჯი უფრო დაახლოებისკენაა მიმართული.
„ძნელია, მოლოდინი ააწყო ისეთ ფონზე, როდესაც სხვა ვიზიტების შედეგები გასაიდუმლოებულია. თუმცა, ზოგადად მაინც მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებისკენაა და არა დაშორებისკენ. აქამდე დასავლეთის აქტივობას დაშორების თვალით ვუყურებდით, ევროპის აქტივობას ახლაც ამ თვალით ვუყურებთ.
„ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო აქტივობები იმის მოლოდინს აჩენს, რომ შეიძლება ჩვენს შორის პოლიტიკური კლიმატი უკეთესობისკენ მიდის",- განაცხადა საყვარელიძემ.
- „ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო აქტივობები იმის მოლოდინს აჩენს, რომ შეიძლება ჩვენს შორის პოლიტიკური კლიმატი უკეთესობისკენ მიდის"
ოპოზიციის შეფასებით, სპეცრაზმელების დაკავება, რის შესახებაც პროკურატურამ 7 მაისს განაცხადა, ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან. საყვარელიძე ამას არ გამორიცხავს და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ეს საკითხი ნიშნის მოგების საფუძველი.
„მაგ ტიპის ნაბიჯებზე პირობა მამუკა მდინარაძემ გასცა და თავის გეგმებზე საუბრის დროს ერთ-ერთ ნაწილად ეგ თქვა, რომ მოვკითხოთ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა ძალოვნების მხრიდან - ეს ჩემი ერთ-ერთი ამოცანააო. ეს ამოცანა შეიძლება ამერიკასთან ურთიერთობას მიაწერო, რადგან უკვე დაწყებული იყო ურთიერთობა ისე, რომ ჩვენ ყურამდე დეტალები ვერ მოვიდა და შეიძლება ამ ურთიერთობაში ეგ პუნქტი მოხსენიებული იყო.
„მე უბრალოდ არ მესმის ეს რატომ უნდა იყოს რაღაც ნიშნის მოგების საფუძველი, რადგან თვითონ ოპიზიციაც დიდი ხანია იგივეს ითხოვდა და მაშინ ის თქვან, ჩვენი მოთხოვნა შესრულდაო, რაღა ამერიკის მოთხოვნა?!
„რაც შეეხება დაკავებას, ბევრი რამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზეა ხოლმე დამოკიდებული. დავუშვათ ქუჩაში ვიღაცა აგედევნათ არაფხიზელ მდგომარეობაში და გამოგექომაგათ სხვა ადამიანი, მისგან გადაგარჩინათ, ოღონდ მასთან ურთიერთობაში უხეშად იმოქმედა, მერე თქვენ დაუწყებთ საყვედურს, რომ რატომ გააკეთეთ უხეშადო? უფრო დიდი მნიშვნელობის ფაქტი ფარავს ისეთ, რამეს, რამაც შეიძლება მოგვიანებით იჩინოს თავი და სასწრაფო რეაქციას არ ითხოვს. ძალოვნების დაკავება სასწრფო რეაქციას არ ითხოვდა, მყისიერი დაკავება მაშინ, როცა შეცდომები დაუშვეს, შეიძლებოდა ძალოვნების ხელისუფლებასთან დაპირისპირების ზოგადი მიზეზი გამხდარიყო",- განაცხადა მან.
საყვარელიძემ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობებში ბოლოდროინდელ პროცესებზეც ისაუბრა
„თუ ვიგულისხმებთ, რომ აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო, მემგონი ეს სტრატეგია მოქმედებდა ზელენსკიზე, როცა მან შეხვედრა მოითხოვა და მერე შეხვედრის დროს ძალიან ემოციურად და ენერგიულად ისაუბრა. ვფიქრობ, ამერიკის ფონია ზელენსკის ცვლილების მიზეზი, რადგან ევროპას საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია", - განაცხადა მან.
- „ძალოვნების დაკავება სასწრფო რეაქციას არ ითხოვდა, მყისიერი დაკავება მაშინ, როცა შეცდომები დაუშვეს, შეიძლებოდა ძალოვნების ხელისუფლებასთან დაპირისპირების ზოგადი მიზეზი გამხდარიყო"
საყვარელიძე ამბობს, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე თავდასხმაა მოსალოდნელი, თუმცა შესაძლოა ამას რუსეთისგან მწვავე პასუხი მოჰყვეს.
„თან საქართველოში ნატვრის განწყობილებით ბევრი ელოდება რა მოხდება 9 მაისს წითელ მოედანზე. ეს გასაგებიცაა, რადგან რუსეთს ტერიტორიები ვერაგულად აქვს ოკუპირებული, ყველაფერი ჩაიდინა, რაც შეიძლებოდა დანაშაული ჩაედინა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა ეს ემოცია გასაგები და აბსოლუტურად სამართლიანია. თუმცა, თუ გავითვალუსწინებთ იმას ასეთ თავდასხმას რა მოჰყვება, მაგ ვარიანტზე ფიქრმა შეიძლება სხვა შედეგები მოგვიტანოს.
„რუსეთი დაიქადნა და სავარაუდოა, რომ კიევზე საპასუხო დარტყმა ექნება. ეს ნიშნავს რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე გადავა სხვა, კიდევ უფრო დაუნდობელ ფაზაში. თან 9 მაისს მოდნის დაბომბვა, სამწუხაროდ რუსეთის დამარცხება მაინც არ იქნება, მაგრამ საომარი სიტუაცია გამწვავდება. ჩვენთვის საომარი სიტუაციის გამწვავება, ქვეყნისთვის, რომელიც ურთიერთობების პერსპექტივას იმედის თვალით უყურებს, გინდ აშშ-სთან და გინდ ევროპასთან, სიტუაციის გამწვავება ჩვენთვის არასასურველია",- განაცხადა საყვარელიძემ.