რეზონანსი
07.05.2026

„საუბარი მქონდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მალტის და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს, სადაც საუბარი გაიმართა ორმხრივ ურთიერთობებზე. 

„გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მალტის და მასპინძელი ქვეყნის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. გვქონდა საუბარი, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, რა თქმა უნდა, რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოსთვის საერთოა და იმ საერთო მისწრაფებებზე, რომელიც გაგვაჩნია. გარდა ამისა, გვქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ასამბლეისთვის, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გვესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას.

დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ და ამ დროს მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი როგორიც არის ხმელთაშუა საპარლამენტო ასამბლეის სახით, როგორც შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით. ამიტომ, ჩვენ ამ თანამშრომლობას, როგორც ამ ორ ასამბლეას შორის, გავაძლიერებთ. ასევე, საუბარი მქონდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან, ვინაიდან, ხმელთა შუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×