რეზონანსი
07.05.2026

პატივცემულო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ მე, პაატა მანჯგალაძე, არა თუ რაიმე ჯგუფური ძალადობის, არამედ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც კი არ ვყოფილვარ - განა ნებართვაგაცემულ აქციაზე ყოფნა კრიმინალია? ეს იცის ბრალდებამაც, რომ ათასობით ადამიანთან ერთად მშვიდობიანად დგომა ვერ მაქცევს კრიმინალად, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ საკუთარ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა.

მისივე თქმით, მას არაფერი ჩაუდენია, რადგან აქციაზე იმყოფებოდა მის 14 და 15 წლის არასრულწლოვან შვილებთან ერთად და მოწოდებისთანავე გაეცალა ტერიტორიას.

“მე, პაატა მანჯგალაძე, ვარ პოლიტიკოსი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის დღიდან, 2016 წლიდან, პოლიტიკაში ყოფნის მთავარი კრედოა, ვიყო ჩემი ერის, ჩემი ხალხის მსახური, მისი ნების აღმსრულებელი ჭირსა თუ ლხინში და რა გასაკვირია, ვიმყოფებოდი 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზეც ჩემს ხალხთან ერთად, როგორც მანამდე გამართულ უამრავ აქციაზე. მოგეხსენებათ, პოლიტიკოსის საქმიანობა, მით უფრო ოპოზიციის, გულისხმობს ოპონირებას ისეთ საკითხებთან, რომელიც უკავშირდება საქართველოს და მისი მოქალაქის საუკეთესო ინტერესების დაცვას, რაც სიტყვის, აზრის თავისუფლებას, თავისუფალ გამოხატვასა და გავრცელებაში გამოიხატება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. კონსტიტუციით გარანტირებულია ასევე კრიტიკული აზრი, რომელსაც შეიძლება საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვეს. ამასთან, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული აზრი, შეფასებები, მისი კონკრეტული წევრის მიმართ გამოთქმული ნეგატიური აზრი ან თუნდაც ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლის სურვილი, ვერ გახდება სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის საფუძველი. მით უფრო, დაუშვებელია ასეთი მოსაზრებების და გამონათქვამების კრიმინალიზება და ამის გამო პირის პასუხისმგებლობაში მიცემა. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. იგი დაკავშირებულია ადამიანის ბუნებასთან: იფიქროს, წარმოიდგინოს, შექმნას, ეძიოს ჭეშმარიტება. ამასთან, გამოხატვის უფლება არ ემსახურება მხოლოდ საზოგადოებრივ საჭიროებებს; ის სულიერი მოთხოვნილებაა იპოვოს, განვითარდეს, უყვარდეს. გამოხატვის ჩახშობა ნიშნავს ინდივიდის ღირებულებებისა და ღირსების ჩახშობას. სწორედ ამიტომაც, გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად არის აღიარებული. აზრის გამოხატვის თავისუფლება უკავშირდება შეკრების უფლებას, როგორც ადამიანთა მიერ აზრის ერთობლივად გამოხატვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციით, შეკრების თავისუფლება გარანტირებულია ყველასთვის, გარდა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა. შეკრების თავისუფლებას გააჩნია მკაფიო პოლიტიკური ხასიათი და რა გასაკვირია, რომ მე, როგორც პოლიტიკოსმა, ვისარგებლე მშვიდობიანი შეკრების ამ გარანტირებული უფლებით. ნუთუ შესაძლებელია, ჩემი ამ უფლებით სარგებლობა გახდეს ჩემთვის მსჯავრის დადების საფუძველი?

ახლა რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს: ვთვლი, ბრალდება იმდენად აბსურდულია, საქმეში არ დევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულება, ანუ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, საგანი, დოკუმენტი, აუდიო და ვიდეომასალა, ფაქტობრივი ანდა სხვა სამართლებრივი გარემოებები, მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ არა თუ სსკ-ის 225-ე მუხლით, არამედ, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დანაშაული არ ჩამიდენია. ამ ეგრეთ წოდებულ მრავალტომიან საქმეში არ დევს არცერთი ფაქტი, მტკიცებულება, სიტყვიერი მოწოდება, მოწმის ჩვენება, სხვა დოკუმენტი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ოპერატიული ცნობა... მოკლედ, არა თუ საქმეში, არამედ ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, პატივცემულო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ მე, პაატა მანჯგალაძე, არა თუ რაიმე ჯგუფური ძალადობის, არამედ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორიც კი არ ვყოფილვარ.

საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზება მოხდა 4 ოქტომბრამდე ბევრად უფრო ადრე და არა პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს, აქციამდე სამი საათით ადრე, ეგრეთ წოდებული კომიტეტის დასახელებით. საღი აზრის ლოგიკა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ აქციამდე სამი საათით ადრე, სპონტანურად, არა საორგანიზაციო მიზნებით გამოცხადებული კომიტეტი ვერ ჩაითვლება უკვე დიდი ხნით ადრე ორგანიზებული აქციის ორგანიზატორად. ამდენად, პროკურატურის მტკიცებულება, რომ აქცია დაორგანიზებული იყო 4 ოქტომბრამდე ბევრად უფრო ადრე, შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეიუდიციად, ანუ გამოკვლევის გარეშე საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტად, რომელსაც აქციის წინასწარი ორგანიზების ნაწილში არც მე და არც პროკურატურა სადავოდ არ ვხდით.

საქმეში არსებული ჩემ მიერ მოყვანილი არგუმენტებით და მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არც 4 ოქტომბრის აქციასთან და არც შემდეგ სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან არა თუ საორგანიზაციო, არამედ არავითარი კავშირი არ მქონია. საინტერესოა და საქმეში არ დევს მტკიცებულება რა მომენტიდან ვიქეცი აქციის უბრალო მონაწილე დანაშაულის ორგანიზატორად აქციაზე ყოფნის ფაქტით? განა ნებართვაგაცემულ აქციაზე ყოფნა კრიმინალია? ეს იცის ბრალდებამაც, რომ ათასობით ადამიანთან ერთად მშვიდობიანად დგომა ვერ მაქცევს კრიმინალად.

ჩემი მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც არ დგინდება. მაგრამ მაინც ამტკიცებს ბრალდება, რომ პაატა მანჯგალაძე დასასჯელია მიუხედავად იმისა, რომ: საქმეში წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება რომ მე რაიმე საორგანიზაციო როლი და ფუნქცია გამაჩნდა ოთხი ოქტომბრის აქციის ორგანიზებისას; საქმეში არსებულ ყველა ვიდეოში ცალსახად ვუთითებ, რომ არ ვარ აქციის ორგანიზატორი და გეგმები უცნობია; საქმის განხილვისას დადასტურებულია, რომ ბრალდებამ საქმეში სხვისი მოწოდებები „ჩამიდო“, მაშინ როცა ასევე დადასტურებულია, რომ, მიუხედავად ჩემი სურვილისა, აქციაზე სიტყვით გამოსვლა ვერ შევძელი; საყოველთაოდ ცნობილია, რომ პაატა მანჯგალაძე სასახლესთან საერთოდ არ ყოფილა და ამას ადასტურებს ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა ვიდეო და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებამაც იცის, რომ არაფერი ჩამიდენია, არც ცეცხლი წამიკიდებია, არც ვინმე დამირბევია, არც მოწოდება გამიკეთებია და არც სასახლის ღობე დამიზიანებია, რადგან აქციაზე ვიყავი ჩემს 14 და 15 წლის არასრულწლოვან შვილებთან ერთად და მოწოდებისთანავე გავეცალე ტერიტორიას.

და ბოლოს: დასასჯელი ვარ იმიტომ, რომ ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი მათთვის განსაცდელი როგორმე ამერიდებინა? თუმცა ვერ შევძელი, 15 რადგან განვითარებული მოვლენები ჩემს კონტროლს მიღმა, ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ბატონო მოსამართლევ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეჭვმიუტანლად დასტურდება ჩემი უდანაშაულობა და ეს დეტალურად ახსნა თავის დასკვნით სიტყვაში ჩემმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, და ასევე სახალხო დამცველმა „სასამართლოს მეგობრის“ აქტში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ დევს არცერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ჩემს ბრალს დაადასტურებდა, მიმაჩნია, რომ ამ საქმის მიმართ მაღალია პოლიტიკური ინტერესი. საჭიროა თქვენ, ბატონო მოსამართლევ, თქვენს თავში იპოვოთ ძალა, გამოავლინოთ ნების სიმტკიცე, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ და არ დამსაჯოთ აქციაზე ჩემს ხალხთან ყოფნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო. ბატონო ირაკლი, აქვე გიდასტურებთ კეთილ სურვილებს და გულწრფელად არ მსურს ოდესმე პილატეს როლში გიხილოთ, იმ როლში, როცა ყველამ იცის, რომ ადამიანი უდანაშაულოა, მაგრამ მაინც უნდა დასაჯონ, მაინც უნდა მიალურმნონ სიმართლისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის. დიდება უფალს! დიდება საქართველოს!“ - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×