
4 ოქტომბრის საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის განაჩენი გამოცხადდება.
საკითხზე კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ და აღნიშნა, რომ რადგან ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია, სასამართლო განაჩენს გამოიტანს სამართლებრივი სტანდარტების სრული დაცვით.
"4 ოქტომბერს წინასწარ დააანონსეს სხვადასხვა ლამაზი სახელით შეფუთული, მაგრამ რეალურად, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა. შემდეგ, ამ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო არაერთმა ადამიანმა - მათ შორის, ვნახეთ კონკრეტული პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან ორგანიზატორობა.
გარედან მითითებული დავალებების მიუხედავად, მაშინ, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა კოორდინირებულად იმუშავეს, შესაძლებელი გახდა თავიდან აგვეცილებინა რევოლუციის უკვე მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ასე გაგრძელდება კიდეც, კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებთან, რასაც ხელმძღვანელობს და წარმართავს ბატონი მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს - ეს არის განსახილველი სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში, სასამართლო დარბაზში. ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რაც არის კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული, რაც არის კონკრეტული სამართლებრივი შეფასებების შესაბამისად დასაბუთებული," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. მათ 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.