
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი საგოლე მოქმედება ჩაიწერა. მისმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა (1:1) და ფინალში გავიდა.
პარიზში პსჟ-მ 5:4 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა ასეთივე უხვგოლიანი არ გამოდგა. ქართველმა ვარსკვლავმა ეს შეხვედრაც შესანიშნავად დაიწყო, მე-3 წუთზე საგოლე შეტევა განავითარა, რომელიც უსმან დემბელემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 1:0.
„ბაიერნი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაათანაბრა. გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.
მეორე ტაიმში მიუნხენელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ფრანგების დაცვას ვერაფერს უხერხებდნენ. პსჟ-დან კი ყველაზე მწვავედ კვარაცხელია უტევდა, მე-80 წუთზე შესანიშნავი ფინტებით კარის წინ დარჩა და გატანა შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.
ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 6 ასისტია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, მიმდინარე ტურნირზე ქართველი ვარსკვლავი 16 საგოლე მოქმედებებით კილიან მბაპეს დაეწია და მეორე ადგილზეა. ამავე დროს, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ მე-7 შეხვედრაში საგოლე გადაცემა ჩაიწერა.