
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში, - განუცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.
მეზურნიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში.
„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ფორმატი შედგა და ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ PABSEC-ში თავმჯდომარე ქვეყანა და წარმოდგენილი ვართ ამ სტატუსით ბუდვაში. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ სულ მალე გაიმართება PABSEC-ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური ასამბლეა საქართველოში“, - აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტი. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.