
კატარის პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-ტანის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის „დიდი ალბათობა“ არსებობს.
კატარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ირანის ნებისმიერი შეთანხმება რეგიონისა და მთლიანად მსოფლიოს ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.
მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა უარყოფს ჰორმუზის სრუტის, როგორც ვაჭრობის ინსტრუმენტის გამოყენებას.
კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს” სახელმწიფოების უსაფრთხოება განუყოფელია და რომ საერთო საფრთხეებთან გამკლავება მოითხოვს სპარსეთის ყურის ქვეყნების ნამდვილ ინტეგრაციას, რომელიც გამოწვევების დონეს შეესაბამება.
კითხვაზე, გადახედავს თუ არა კატარი შეერთებულ შტატებთან სამხედრო ურთიერთობებს, კატარის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობა აშშ-სთან სტრატეგიულია, რომელიც ყოვლისმომცველ პარტნიორობას, საერთო ინტერესებსა და დამკვიდრებულ ურთიერთგაგებას ეფუძნება.