
გუშინ ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. სუს-ის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.
5 მაისამდე, ანუ დაკავებამდე უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. მანამდე წლების განმავლობაში იყო “ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი. უფრო ადრე კი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას ბეჭდურ მედიაში.
გიორგი უძილაური ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე გაზეთ "ახალი თაობის" ჟურნალისტი იყო. იგი "ნაციონალურ მოძრაობას" განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაოდა, ჯერ პრემიერ ივანიშვილის პრესსამსახურში, ხოლო 2016 წლის მარტიდან „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.
გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედია სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების მიმართულებით.
აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.