
„ქართული ოცნება" ოპოზიციის გეგმებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს, მათი შეფასებით, ალიანსს „საყოველთაო კარდარი", „საყოველთაო სკამდასკამი" გამოუვიდა მცირე ოთახებში შეკრებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აქვს, თუმცა დაანონსებული „კარდაკარი", მათივე ინფორმაციით, 10 მაისიდან იქნება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კარდაკარს აზრი არ ექნება, თუ ოპოზიციამ ხალხამდე რეალური, დამაჯერებელი გეგმა და შეთავაზება არ მიიტანა.
„არც შემიმჩნევია, რომ საყოველთაო კარდაკარის პროცესია. ოპოზიციის მიერ დაანონსებული კარდაკარის ვადები და „ქართული ოცნების" შეფასება ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ დასაწყისში გადადგმულ ნაბიჯებსაც რაღაც რეაქცია უნდა მოჰყოლოდა და მე ვერ შევამჩნიე. თან, სიმართლე გითხრა, ისიც არ მესმის, ახლა კარდაკარს რა ფუნქცია აქვს.
„ზოგადად კარდაკარის ფუნქციაა, რომ ოჯახს ან კონკრეტულ ადამიანს შენი პოლიტიკური პროგრამა, ორიენტაცია და გეგმა გააცნო. 2012 წლის მერე ამ ოპოზიციის მიერ ხმამაღლა ნათქვამი გეგმა არავის გაუგია. კარდაკარ იმიტომ დადიან, რომ ადამიანებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ, სხვა ფუნქცია ამ პროცესს არ აქვს. ანუ ის ინფორმაცია, რაც სხვა საშუალებებით ვრცელდება, ადამიანებს უშუალო კონტაქტში შეატყობინონ.
„მარტო ის, რომ გაისმას ზარი და ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი სახლში შემოვიდეს, გითხრას, რომ „ოცნება" არ ვარგა და წავიდეს - ამისთვის კარდაკარის გაკეთება ცოტა ღიმილისმომგვრელი და არასერიზულია. ოპოზიციონერს მოქმედების რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეს, რომელიც ადამიანებთან უნდა დააკონკრეტოს, აი, მე ამას ვაპირებს და თქვენ როგორ შეაფასებთო. უშუალო კონტაქტის ფუნქცია ან მოსმენა უნდა იყოს, ან კითხვებზე პასუხი, თორემ თუ სათქმელი არაფერი აქვთ, ისე გამოვა, რომ ზარს დარეკავენ, მოქალაქე კარს გააღებს, შეხედავს და დაუხურავს.
- რამაზ საყვარელიძე: „მარტო ის, რომ გაისმას ზარი და ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი სახლში შემოვიდეს, გითხრას, რომ „ოცნება" არ ვარგა და უკან გავიდეს - ამისთვის კარდაკარის გაკეთება ღიმილისმომგვრელია"
„არ ვიცი, შეიძლება ახლა სხედან და რაღაცას ამზადებენ, მაგრამ ზოგადად მომზადების გარეშე საერთოდ კარდაკარი რა საჭიროა, არ მესმის. საახალწლოდ ალილოზე რომ დადიან, ან მოსახლეობისგან ითხოვენ რაღაც საჩუქარს, ან შეიძლება თვითონ აჩუქონ რამე. თუ არცერთი საქმე არ გაკეთდება, მაშინ სიარული რა საჭიროა, არ ვიცი, შეიძლება ახლა ოპოზიციურ ალიანსში ამ დასარიგებელ „კანფეტებს" ამზადებენ", - თქვა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას კარდაკარი ჯერ არ დაუწყია და „ქართული ოცნება" უკვე ცდილობს დააკნინოს პროცესი.
„ოპოზიციას კარდაკარი ჯერ არც დაუწყია და „ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციის მხრიდან ყველანაირი ქმედება დააკნინოს, მათ შორის შეხვედრებიც. ეს მოსალოდნელიც იყო მათგან, რომ თითქოს ამ შეხვედრებს არავითარი აზრი არ აქვს და მოსახლეობას ოპოზიციის აზრი არ აინტერესებს, თითქოს ოპოზიცია ბევრ ადამიანს აღიზიანებს და ამიტომაც შეიძლება რაღაც კონფლიქტშიც მოყვნენ ის ადამიანები, ვინც კარდაკარ ივლიან.
„ოცნება" ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის დისკრედიტაციას ახდენს, აქაა საუბარი როგორც პილიტიკოსებზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და საერთოდ ყველაზე, ვინც მათ არ ეთანხმება.
- ნიკა ჩიტაძე: „არაა გამორიცხული ამ შეხვედრებზე ვიღაცა პროვოკატორები მიაგზავნონ და მერე ისე წარმოაჩინონ, თითქოს, აი, ხალხს როგორ ეზიზღებით. რეალურად ბევრისთვის ოპოზიცია მისაღებია"
„ოპოზიციამ განაცხადა, რომ კარდაკარი 10 მაისიდან დაიწყება. ახლა მათი შეხვედრების შესახებ მაინცდამაინც ცნობილი არაა. შესაძლოა ეს წინა მოსამზადებელი პერიოდია. გაარკვიონ, ვინ სად წავა, რა თემებზე ისაუბრებენ და ა.შ. ვფიქრობ, ეს შეხვედრები გაცილებით მასშტაბური იქნება და არა ისეთი, როგორის წარმოჩენასაც „ოცნება" ცდილობს.
„არაა გამორიცხული ამ შეხვედრებზე ვიღაცა პროვოკატორები მიაგზავნონ და მერე ისე წარმოაჩინონ, თითქოს, აი, ხალხს როგორ ეზიზღებით. რეალურად ბევრისთვის ოპოზიცია მისაღებია",- განაცხადა ჩიტაძემ.
„სკამდასკამი"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურმა ალიანსმა კარდაკარი „სკამდასკამით" შეცვალა.
„ხომ დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ „სკამ და სკამი". ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიის წევრებთან. საბოლოოდ, იყო პროცესი, სადაც ისინი უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს, რომ ამ ძალებით შეძლებს საქართველოში დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ უნდა გააცნობიეროს ასევე, რომლებიც ამ „სკამ და სკამით" არიან დაკავებულები, რომ მანამ სანამ ისინი იქნებიან უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, მათ საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რომ მოღალატეების რაიმე მობილიზაცია ხდებოდეს საქართველოში. ეს არის ხალხი, რომელიც ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და მიდის ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ასეთი მობილიზებით გააცილა პატრიარქი, ჩვენ ვნახოთ მობილიზება ქვეყნის მოღალატეების გარშემო",- განაცხადა პაპუაშვილმა.