
რატომ შეიცვალა ოპოზიციური ალიანსის რეგიონული შეხვედრების ფორმატი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და ალიანსში შემავალი სხვა სუბიექტების ერთობლივი რეგიონული ტურნე, სამი დახურული შეხვედრის შემდეგ, აღარ გრძელდება. ამ ეტაპზე, პარტიები საჯარო აქტივობებისა და მხარდამჭერებთან შეხვედრების ნაცვლად, მუშაობას ისევ შიდა, დახურულ ფორმატში განაგრძობენ. პოლიტიკურ სპექტრში საუბრობენ, რომ დაანონსებული პროცესის შეცვლა, სავარაუდოდ, ალიანსის შიგნით არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი აღნიშნულ შეხვედრებზე არ ყოფილან, შესაბამისად, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ისეთი ტიპის შეხვედრები ჩატარდა, რომელზეც დიდად ინფორმაციას არ ვფლობ, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ეს შეხვედრები გაიმართა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამი ნაბიჯის კამპანია ჰქონდა დაგეგმილი. შეიძლება, პოტენციურად ადგილები არ ეყოთ ადამიანებს, რადგან შეხვედრები ასეთი ხასიათის იყო. ამის შემდეგ უფრო მეტად იქნება ეს სახალხო ხასიათის შეხვედრა და კამპანია. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიგვიღია მონაწილეობა ამ კონკრეტულ აქტივებში, ამიტომაც კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.