
არ მიმიღია სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯარებს გერმანიიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაიყვანენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„პოლსატ ნიუსთან“ ინტერვიუში დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ გერმანიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე გადაინაცვლებენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას.
„ჩემთვის, დასავლური საზოგადოება, და მე არ ვსაუბრობ გეოგრაფიაზე, ვსაუბრობ პოლიტიკურ ღირებულებებზე, ყოველთვის ღირს შენარჩუნებად, ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამა თუ იმ მსოფლიო ლიდერის პროვოკაციებს ან პოლიტიკურ ახირებებს. ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა ტუსკმა.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკა არ უნდა ეფუძნებოდეს რომელიმე გავლენიანი ლიდერის მიმართ პირფერობას და საჭიროა, რომ ქვეყნებმა მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიციები.
„თქვენ უნდა იყოთ გულთბილი და მეგობრული, მაგრამ უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია“, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ „პოლონეთის პოზიცია უნდა იყოს ნათელი“.
„ჩვენ გვინდა ინტეგრირებული ევროპა, ჩვენ გვინდა ინტეგრირებული ნატო, რომელიც სოლიდარობით მოქმედებს. ჩვენ გვინდა უდიდესი შესაძლო სოლიდარობა, მათ შორის სამხედრო სოლიდარობა, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ევროპას შორის“, – განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის, პენტაგონში აცხადებენ, რომ პიტ ჰეგსეტმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა. პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მათთვის მოსალოდნელი იყო. გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი.